სკოლის თანხების აზარტულ თამაშებში დახარჯვის გამო ბუღალტერს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

© AP Photo / Matilde Campodonicoციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
გამოწერა
საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დააკავეს.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურა ყოფილ ბუღალტერსა და ყოფილ დირექტორს დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებასა და სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ სრულად გაიზიარა.

გამოძიების თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა – 142 ათას ლარზე მეტი. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თანხა აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

როგორც პროკურატურა აღნიშნავს, ამავე საჯარო სკოლის დირექტორმა, თავის მხრივ, სათანადო კონტროლი არ გაუწია სკოლის კუთვნილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას, რითიც ისარგებლა სკოლის ბუღალტერმა და საჯარო სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა მიითვისა.
სკოლის ბუღალტერს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით (დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
რაც შეეხება ამავე სკოლის დირექტორს, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა) და სასჯელის სახედ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0