ხატისსოფლის შლეგური ბრძოლა, ანუ ამბავი მტრის ბანაკში ღიად შეპარული დელი-სვიმონისა

© Pixabay / Yomareსისხლიანი ხმალი
სისხლიანი ხმალი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
გამოწერა
საქართველოს ისტორიას მრავალი ღირსეული თუ უღირსი მეფე ახსოვს, რომლებიც სხვადასხვა თიკუნით შემორჩნენ მატიანეთა ფურცლებს: „აღმაშენებელი“, „მგელთავა“, „ბრწყინვალე“, „ქველი“, „რეგვენი“, „ზაქიჭამია“...
მაგრამ ქართლის მეფე სიმონი ყველასგან გამორჩეული იყო და თიკუნიც ძალზე ორიგინალური ჰქონდა — „დელი სვიმონი“, ანუ „გიჟი სვიმონი“.
ეს მეტსახელი მტერმა შეარქვა ქართველ მეფეს გადამეტებული უშიშრობის გამო.
უკან დახევა არ სჩვეოდა სიმონ მეფეს, ყოველთვის ჯიქურ მიიწევდა იქით, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდა. მთელი ცხოვრება სიკვდილს ეთამაშებოდა და არად უღირდა სიცოცხლე. ამიტომაც სცემდა შიშის ზარს ოსმალებსა თუ სპარსელებს მისი ყოველი გამოჩენა ბრძოლის ველზე. როგორც კი მეფის სილუეტს მოჰკრავდნენ თვალს, ერთხმად აღრიალდებოდნენ, დელი სვიმონი, დელი სვიმონიო და თავპირისმტვრევით გარბოდნენ ხელჩართული ომიდან...
XVI საუკუნის 80-იან წლებში ქართლის მეფის ოსმალეთის წინააღმდეგ წარმოებულმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ქართველებმა სპარსთა დახმარებით ოსმალებს თბილისი, ლორე, სამშვილდე და დმანისი წაართვეს.
მარცხით გაგულისებულმა სულთანმა ურჩი ქართველების დასასჯელად ფერად ფაშა წარმოგზავნა დიდძალი ჯარით. ფერად ფაშამ ლორე და დმანისი ადვილად აიღო, მერე კი, წარმატებით გათამამებულმა, ტფილისის დასაბრუნებლად თავი აღარ შეიწუხა — ეს საქმე რეზვან ფაშას მიანდო. რეზვან ფაშაც 30 ათასი რჩეული მეომრით დაიძრა ქალაქის ასაღებად.
ოსმალებმა მდინარე ალგეთის პირას, ხატისსოფელთან დასცეს ბანაკი, მდინარის მარცხენა ნაპირზე კი დელი-სვიმონი იდგა 4 ათასი მასავით შლეგი ქართველით.
ოსმალები, გარდა იმისა, რომ რიცხვით ბევრად სჭარბობდნენ ქართველთ, შეიარაღებაშიც სჯობდნენ. სვიმონის ლაშქარი ხმლებით, შუბებითა და ლახტებით იყო შეჭურვილი, მომხდურს კი თოფ-ზარბაზანიც ბლომად ჰქონდა და ტყვია-წამალიც. ასეთ ვითარებაში ოსმალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა მართლაც რომ სიგიჟე იყო.
ამიტომ არ გაკვირვებია რეზვან ფაშას, როცა მოახსენეს, სვიმონის მოციქული გეახლათ და შეხვედრას ითხოვსო. მაღალი, ხმელ-ხმელი, მხარბეჭიანი, სათნო სახისა და ხშირწვეროსანი კაცი მიჰგვარეს. დესპანმა ზრდილად დაუკრა თავი ფაშას და მეფის დანაბარები გადასცა:
თქვენც კარგად უწყით, ჩვენ ქართველებს რაოდენი ჭირნი, პყრობილებანი, ტყვეობანი და სისხლის თხევანი წაგვკიდებია ყიზილბაშთათვის და ყიზილბაშთა მიზეზით. ხოლო რაც თქვენთან, ოსმალებთან გვიბრძოლია, ესეც ჩვენი ნებით კი არა, ყიზილბაშთა მძლავრობით გვიბრძოლია. ახლა ამას ბრძანებსო სვიმონ მეფე:

„მეყოფა ამდენის ჴრმლის ქნევა და ომი ყაენის გულისათჳსო; თუ გინდათ თქუენ იყავით ჩემი ბატონი, თუ უნდა ისი. აწ თქუენთჳსაც სჯობს და ჩუენთჳსა, შევრიგდეთ და მოვისუენოთ ამდონის ლაშქრობისაგან“.

გადაშლილი წიგნი და სანთელი - Sputnik საქართველო
ბერი ეგნატაშვილი
„ახალი ქართლის ცხოვრება“
ნაამებმა რეზვან ფაშამაც, რაკი ელჩის თვალებში ვერაგობის ნიშანწყალი ვერ ამოიკითხა, მოციქულს განუცხადა:
„მოახსენეთ სვიმონ მეფეს: ძალიან გვიხარია, ასე კეთილად რომ განგიზრახავთ-თქო, ჩვენც სარწმუნოდ გვიჩანს სიტყვა მისი აწვე გავრიგდეთ, მოვილაპარაკოთ და ამიერითგან იყოს მშვიდობა და ერთობა ჩვენს შორის“.
შემდგომ ამისა, ფაშამ თავად გააცილა ელჩი, ბანაკი ერთად განვლეს. ოსმალთა სარდალი ფიქრობდა, კბილებამდე იარაღში ჩამჯდარი ურიცხვი ჯარის ხილვა შიშს მოჰგვრიდა ქართველ დესპანს. იოლი გამარჯვებით ამჩატებულს არც შეუნიშნავს, რაოდენ გულდასმით აკვირდებოდა იგი ბანაკს...
იმ ღამით სვიმონ მეფემ ჯარი მალულ გადაიყვანა ალგეთზე, სოფელს შემოუარა, ოსმალებს ზურგში მოექცა და გორის თხემზე დაბანაკდა.

და გამთენიისას იხუვლეს ქართველებმა, ცით მოვლენილი რისხვასავით დააცხრნენ თავს მძინარე ოსმალებს. შლეგებივით დაჰქროდნენ ბანაკში და დაუნდობლად კაფავდნენ მომხდურთ. ჩქარობდნენ ერთი მუჭა ქართველები, სანამ მტერი გონს მოეგებოდა, მანამ უნდა მოემთავრებინათ ბრძოლა.

რეზვან ფაშამ კი შეძლო ჯარის საომრად დაწყობა, მაგრამ გავეშებული ქართველების შეჩერება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა. ბოლოს მაინც გატყდა მტერი და ერთბაშად იბრუნა პირი, ბრძოლის ველიდან გაიქცა ოსმალო. ქართველები კი უკან მიჰყვნენ შუბ-მახვილის ცემა-კაფვით. დაბნელებამდე სდიეს ოსმალებს. უამრავი ნადავლი და ტყვე იგდეს ხელთ, სვიმონ მეფეს მიჰგვარეს გაბაწრულები.

თვალდაჭყეტილები შეაცქერდნენ დატყვევებული ოსმალები ქართველ მეფეს. ბევრს ეცნო მისი სახე. მაშინღა მიხვდნენ, ვინაც სტუმრობდა წინა დღით რეზვან ფაშას, მაშინღა გაიაზრეს, რომ ოსმალთა ბანაკის დასაზვერად თავად მეფე ქართლისა, დელი-სვიმონი შესულიყო მტრის გულში მეფის დესპანის რანგში...
ყველა ახალი ამბავი
0