კალაძე „TV პირველის" წინააღმდეგ: რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
გამოწერა
კალაძე მორალური ზიანის ანაზღაურებას – 100 ათასი ლარის გადახდას მოითხოვდა.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდა.
მიმდინარე წლის 20 ივნისს კალაძემ ცილისწამების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება 5 ივნისს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“. წამყვანის თქმით, ეს ოფიციალური ინფორმაციაა და ასახულია დოკუმენტაციაში.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

„ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა ის გარემოება, რომ ტელეკომპანია „TV პირველის“ მეშვეობით ჟურნალისტმა მამულაშვილმა გაავრცელა ცრუ, ყალბი ინფორმაცია, რაც დადასტურდა სასამართლოს მეშვეობით... სამწუხაროა, რომ ტელეკომპანიას უფრო მეტი თანხა არ დაეკისრა, რადგანაც იგი უფრო მეტ კეთილ საქმეს მოხმარდებოდა“, – განაცხადა კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

დაცვის მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში იგი მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიღებულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.
კალაძე არა მარტო წამყვანის მიერ საჯაროდ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას, არამედ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის დაკისრებას მოითხოვდა.
ყველა ახალი ამბავი
0