რა შემთხვევაში იქნება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო სწრაფი - კალაძის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი - მეიდანი
თბილისი - მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
გამოწერა
როგორც დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა წელიწადში საშუალოდ 10%-ით იზრდება.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ათი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობით საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად იმოძრავებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპები გააცნო.
კალაძის თქმით, თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, მათ შორის, პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო.

„დღეს არსებული გამოწვევებია - 13 პრობლემური კვანძი. ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს იწვევს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ. ტრანსპორტი „საცობში“ არ უნდა იდგეს“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა წელიწადში საშუალოდ 10%-ით იზრდება.
მისი თქმით, მერიის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და რაც შეიძლება ნაკლებმა გამოიყენოს კერძო ავტომობილი, განსაკუთრებით, სამუშაო დღეებში.
კალაძე დარწმუნებულია, რომ არსებული გამოწვევების გადასაჭრელად უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება, რითაც შეიკვრება 10 სატრანზიტო დერეფანი;
საავტობუსო ზოლების მოწყობა;
ავტობუსების მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირება 18-დან 8 წუთამდე;
დამატებით 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა და შემოყვანა;
დამატებით მეტროს 40 ახალი ვაგონის შეძენა;
მეტროს სადგურების რეაბილიტაცია;
სატრანსპორტო ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა;
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელება.
რაც შეეხება სატრანზიტო დერეფნებს, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში 10 მსგავსი დერეფანი მოეწყობა, რის შედეგადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.
სატრანზიტო დერეფნები:
I დერეფანი (პოლიტკოვსკაიას ქ. – გაბრიელ სალოსის გამზ.);
II დერეფანი (უნივერსიტეტის ქ. – მოსკოვის გამზ.);
III დერეფანი (თამარაშვილის ქ. – მოსკოვის გამზ.);
IV დერეფანი (ჭავჭავაძის გამზ. – ხიზანიშვილის ქ.);
V დერეფანი (ვაჟა-ფშაველას გამზ. – გაბრიელ სალოსის გამზ.);
VI დერეფანი (უნივერსიტეტის ქ. – კუპრაძის ქ.);
VII დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. – კუპრაძის ქ.);
VIII დერეფანი (თავდადებულის ქ. – სადგურის მოედ.);
IX დერეფანი (თავდადებულის ქ. – უნივერსიტეტის ქ.);
X დერეფანი (ხიზანიშვილის ქ. – უნივერსიტეტის ქ.).
კალაძის თქმით, ათი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა თბილისისა და, ზოგადად, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ყველა ახალი ამბავი
0