სომხეთი ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის სამართლებრივ ბაზას ამზადებს

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით მაღალი ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზი შენდება.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. სომხეთი საქართველოსთან ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის საკანონმდებლო ბაზას ამზადებს. ამის შესახებ „Sputnik-სომხეთს“ რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ აკოპ ვარდანიანმა განუცხადა.
ახლა ორი მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემები იზოლირებულ რეჟიმში მუშაობს. როდესაც სომხეთს სურს საქართველოდან ელექტროენერგიის მიღება, ის თიშავს თავისი ქსელის ერთ-ერთ სასაზღვრო მონაკვეთს და აკავშირებს მას ქართულთან (და პირიქით - საჭიროების შემთხვევაში საქართველო თიშავს თავის ერთ-ერთ მონაკვეთს და აერთებს სომხურ სისტემას). ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობის შემდეგ მხარეები ელექტროენერგიის თავისუფლად გაცვლას შეძლებენ.
ამისთვის გერმანული ბანკი KfW-ს სესხით სომხეთიდან საქართველოში 400 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ახალი ხაზი აშენდება. იგი მოქმედ 220-კილოვატიან ხაზს შეავსებს. გარდა ამისა, საზღვარზე დამონტაჟდება მუდმივი დენის ე.წ. ჩანართი, რომელიც ელექტროენერგიის გაცვლას აღნიშნული გათიშვა-შეერთების გარეშე გახდის შესაძლებელს.
ჯერჯერობით იქ დამონტაჟდება 350 მეგავატის სიმძლავრის ერთი მოდული, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ რამდენიმეს დაყენება.
მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და ის 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება. თავად მშენებლობას კიდევ 40 თვე უნდა დასჭირდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ენერგიის ნაკადების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათთვის წესებიც მუშავდება.
კერძოდ, სექტემბერში სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საგანგებო სიტუაციებში ურთიერთდახმარების შესახებ. უახლოეს თვეებში კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება – ვაჭრობის დროს გადახრების რეგულირების შესახებ (ანუ შემთხვევები, როდესაც მიწოდების ფაქტობრივი მოცულობები ხელშეკრულებაში გათვალისწინებულს გადასცდება).
კვლავ მოქმედებს რუსეთი–საქართველო–სომხეთი–ირანის ოთხმხრივი დერეფნის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც 2015 წელს არის ხელმოწერილი.
რუმინეთის პრეზიდენტი: საქართველომდე წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა პრიორიტეტულია >>
ირანიდან სომხეთამდე გრძელდება იგივე ძაბვის (400 კვ) ელექტროგადამცემი ხაზი. რამდენიმე გადავადების შემდეგ, მშენებლობის დასრულების თარიღი ახლა გადატანილია 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის. ვინაიდან მშენებლობას სრულად აფინანსებს ირანული მხარე, სამუშაოებს ირანელი მშენებლები ახორციელებენ. შედარებით მარტივ უბნებზე სამუშაოები მათ უკვე დაასრულეს და ამჟამად მუშაობას მთიანი რელიეფის პირობებში აგრძელებენ.
ამ ორი ხაზის მშენებლობის შემდეგ ოთხი ქვეყანა ელექტროენერგიით თავისუფლად ვაჭრობას შეძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0