თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო ქვეყნის პირველი პირები მწუხარებას გამოთქვამენ

© courtesy of Tamar Skhirtladze's Familyთამარ სხირტლაძე
თამარ სხირტლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
თამარ სხირტლაძემ 70-მდე როლი ითამაშა ქართული თეატრის სცენაზე.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მსახიობ თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
საქართველოს სახალხო არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„თავისი გამორჩეული ნიჭისა და განსაკუთრებული ტალანტის დამსახურებით თამარ სხირტლაძემ მრავალ თაობას დაამახსოვრა თავი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟებისთვის სულის შთაბერვით“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს თამარ სხირტლაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საზოგადოებას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
თამარ სხირტლაძე იყო ორგზის სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, სახელობითი ვარსკვლავის მფლობელი, თეატრისა და კინოს მსახიობი. 1949 წელს მან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია დაამთავრა.
© Courtesy of Tamar Skhirtladze's Familyთამარ სხირტლაძე
Актриса Тамар Схиртладзе - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
თამარ სხირტლაძე
ითამაშა 70-მდე როლი თეატრის სცენაზე: მაყვალა (მ. ბარათაშვილის „მარინე"), ლამაზისეული (ი. ჭავჭვაძის „კაცია-ადამიანი?!"), მზევინარი (ა. ყაზბეგის „მოძღვარი"), მაია (დ. კლდიაშვილის „უბედურება"), მისის პირსი (ბ. შოუს „პიგმალიონი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება"), გონერილა (უ. შექსპირის „მეფე ლირი"), ეკა (ო. იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“).
კინოში გვიან (1971 წ.) გადაიღეს, თუმცა აქაც წარმატებით აეწყო მისი კარიერა, ითამაშა „მოსფილმში“, „ლენფილმში“, 40-მდე როლი ქართულ კინოში, მათ შორის: „წინაპართა მიწა" (დარია, 1979), „დღეს ღამე უთენებია" (მოხუცი ევა, 1983), „ადამიანთა სევდა" (1984), „ფესვები" (1987), „ზვარაკი" (1990), „ლუკას სახარება" (1998), „ნუცას სკოლა" (ნიკას დედა, 2000), „ჯართოსანი" (მართა, 2009), „გული+" (2011), „37-" (2012) და სხვ.
2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს მას მიენიჭა „წლის პერსონის" წოდება. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან ელისაბედ ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი.
ყველა ახალი ამბავი
0