ქართველ დედოფალზე გამიჯნურებული შაჰ-აბასი და მრავალგზის მოოხრებული საქართველო

© Pixabay / congerdesignძველი წიგნი და ყვავილები
ძველი წიგნი და ყვავილები - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
თითქმის 25 წლის განმავლობაში ლამობდა შაჰ-აბასი საქართველოს გათათათრებასა და ამოგდებას. გვჩეხდა და გვკაფავდა, გვწვავდა და გვაოხრებდა, მაგრამ მაინც ვერ გვიმორჩილებდა.
ისტორიას შემორჩა საინტერესო ფაქტი, რომელიც ერთგვარად ფარდას ხდის შაჰ-აბასის საქართველოში „გახშირებული სტუმრობის“ მიზეზს.
კახეთის ახალგაზრდა მეფე თეიმურაზ I-მა დედის, ქეთევან დედოფლის დაჟინებული თხოვნით 1607 წელს ცოლად შეირთო მამია III გურიელის ასული ანა. მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ანა დედოფალი 1612 წლის დასაწყისში მიიცვალა. ამის შემდეგ, თუ ქართულ წყაროებს ვენდობით, თეიმურაზმა უკვე შაჰის „თხოვნას“ გაუწია ანგარიში და ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის დაზე, სილამაზით განთქმულ ხორეშანზე იქორწინა.
არადა, არ სურდა ეს ქორწინება თეიმურაზს, ვინაიდან ახლო ნათესავები იყვნენ ის და ქართლის მეფის ოჯახობა — ლუარსაბისა და ხორეშანის ბებია ნესტან-დარეჯანი და თეიმურაზის პაპა ალექსანდრე ღვიძლი და-ძმა იყვნენ. მაგრამ შაჰ-აბასის ძალამ აღმართი დახნა, თანაც საქრისტიანოს მოძლიერება ესაჭიროებოდა და, როგორც ქართველი მემატიანე წერს:

„კრება უქნიათ ამაზედ, რომ და-ძმათ შვილიშვილები ერთმანეთს ვით შერთონ. ასრე არჩივეს და საქრისტიანოს გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის, მერჯულეთ ნება დართვეს“.

მაგრამ, სავარაუდოდ, ვერსია იმის შესახებ, რომ ამ ქორწინებით შაჰ-აბასი იყო დაინტერესებული, მცდარია. და, აი, რატომ: სპარსეთის მრისხანე მბრძანებელი ნადვილად არ იყო იმდენად მიამიტი, რომ ვერ გაეთვალა, რა მოჰყვებოდა ქართლისა და კახეთის მეფეთა დამოყვრებას. მით უმეტეს, რომ ლუარსაბ მეფეს მემკვიდრე არ ჰყავდა. თეიმურაზისა და ხორეშანის ძეს კი ორივე სამეფოს ტახტის დაკავების უფლება ექნებოდა, რითაც ქართლ-კახეთის გაერთიანებისა და საქართველო გაძლიერების შანსი მეტად იზრდებოდა.
ამიტომ, სავარაუდოდ, შაჰი, რომელსაც დასუსტებული, ერთმანეთთან დანა-სისხლად გადაკიდებული, დაშლილი და დაქუცმაცებული ქვეყანა სურდა ეხილა, არაფრის დიდებით არ დაუშვებდა ქართლისა და კახეთის შეკავშირებას.
თანაც, იმავე ქართული წყაროებით ირკვევა, რომ შაჰ-აბასს თავადაც უთხოვია ქართლის მეფისთვის ულამაზესი ხორეშანის ხელი, რაზეც უარი მიუღია, რადგან ის უკვე დანიშნული ყოფილა თეიმურაზზე.
გარდა ამისა, იტალიელი მისიონერი კრისტოფერო კასტელი წერდა:

„დედოფალი ძალიან ლამაზია. შაჰ-აბასმა მისი შერთვა მოინდომა, თეიმურაზი არ დათანხმდა, რამაც განარისხა შაჰ-აბასი. მან იბერიაში გამოგზავნა ჯარი და მისი სამეფოს უდიდესი ნაწილი გააუკაცრიელა. მიუხედავად ამისა, ცოლი მაინც ვერ წაართვა“.

იტალიელი ისტორიკოსი ბარტოლომეო ფერო ამტკიცებს, რომ საპარსეთის შაჰმა კატეგორიულად აუკრძალა თეიმურაზს ხორეშანის ცოლად შერთვა და მკაცრადაც გააფრთხილა, თუ ჩემს ბრძანებას არ დაემორჩილები, შავი დღე დაგადგებაო.
კიდევ ერთი იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე კი წერს, რომ თეიმურაზმა ხორეშანი სეფიანთა ხელმწიფის ნების წინააღმდეგ შეირთო, რომ ქორწინების შემდეგაც კი შაჰი ჯიუტად მოითხოვდა ხორეშანის ისპაჰანს გაგზავნას, მაგრამ თეიმურაზს ბოდიშით შეუთვლია ირანის ლომისთვის, ქრისტიანული რჯული და პირადი ღირსება ნებას არ მაძლევს, ცოლი სხვას დავუთმოო.
თითქმის ანალოგიურ ინფორმაციას გვაწვდის ფრანგი ჟან შარდენიც, რომლის მტკიცებითაც, სეფიანთა მბრძანებელს ორჯერ წარმოუგზვნია ელჩი საქართველოში, რათა ლუარსაბისთვის დის ხელი ეთხოვა. შარდენი წერს, პირველი ელჩი ტკბილი სიტყვით გაისტუმრეს უკან, კრძალვით შეჰბედესო უარი შაჰ-აბასს, ჯერ კიდევ ბავშვიაო ხორეშანი, მეტად ადრეაო მისი გათხოვება. მეორე ელჩს კი განუცხადეს, მეფის ასული დაქვრივებულ თეიმურაზზე არის დანიშნულიო. შაჰ-აბასს თეიმურაზისთვის კი შემოუთვლია, არ გაბედო ხორეშანის ცოლად შერთვაო, მაგრამ მას ყურად არ უღია გაფრთხილება, არად ჩაუგდია სეფიანთა მბრძანებლის მუქარა.
გამორიცხული არ არის, ესეც ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი შაჰ-აბასის გაუთავებელი შემოსევებისა, ნახევარ მილიონამდე ქართველის გაჟლეტისა და სპარსეთში გარეკვისა.
ხორეშანისა და თეიმურაზის დაქორწინებიდან 60 წლის შემდეგაც კი, 1673 წლის ჩანაწერში შარდენი აღნიშნავდა, „ქართველ ფერიაზე“ ირანში სიმღერებს ახლაც მღერიანო.
ვინ იცის, იქნებ მართლაც გულწრფელად იყო შაჰი გამიჯნურებული ულამაზეს ქართველ ასულზე? მით უმეტეს, რომ შაჰ-აბასი არაერთხელ შეეცადა თეიმურაზისათვის დედოფლის წართმევას, თუმცა ხელმოცარული კი დარჩა ყოველთვის.
ერთხელ კინაღამ მიაღწია კიდეც საწადელს, როცა ხორეშანის ხელში ჩასაგდებად ოსმალეთზე თავდასხმასაც არ მოერიდა. 1617 წლის მიწურულს თეიმურაზმა დედოფალი ოლთისში დატოვა, თავად კი ერთგული აზნაურების თანხლებით სტამბულის გრძელსა და ხიფათიან გზას გაუყვა. მსტოვრებმა უმალ აცნობეს შაჰს, ხორეშან კახეთის დედოფალი ოლთისს დგას მცირე ამალასთან ერთადო. აბასმა ერევნის ბეგლარბეგს, ერთგულ ამირგუნე ხანს უბრძანა, ქალაქი დაელაშქრა და დედოფალი დაეტყვევებინა.
ამირგუნე 10 ათასი მეომრით დაეცა თავს ოლთისს, რომელიც მაშინ ოსმალეთის სამფლობელო იყო, მაგრამ მარცხი იწვნია, რაშიც ქალაქში მოსახლე ქართველი ებრაელების დიდი წვლილიც იყო, და ხელცარიელი გაბრუნდა უკან...
ყველა ახალი ამბავი
0