უცნაური და აუხსნელი დამთხვევები - რეალური მისტიკური ფაქტები

© Pixabay / KELLEPICS
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
გჯერათ, რომ დამთხვევები არსებობს? გჯერათ, რომ არსებობს რაღაც მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოვლენები ასე უცნაურად ვითარდება?
ქვემოთ რამდენიმე უცნაურ და რეალურ ფაქტს გთავაზობთ, რაც ფილოსოფიური განსჯის გუნებაზე დაგაყენებთ.
***
ერთმა ამერიკელმა გოგონამ, რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა, თავი მოიკლა. მისმა ძმამ დაიფიცა, რომ სიცოცხლეს გამოასალმებდა ჰენრი ზიგლენდს — კაცს, რომლის გამოც მოისწრაფა მისმა დამ სიცოცხლე. ასეც მოიქცა. დაელოდა, როდის გამოვიდოდა ზიგლენდი შინიდან და ესროლა… მაგრამ ააცილა. ტყვია სახლის წინ მდგომ ხეს მოხვდა და მის მერქანში გაიჭედა.
გავიდა რამდენიმე წელი. ჰენრი ზიგლენდმა იმ ხის ამოძირკვა გადაწყვიტა, რომელმაც ერთ დღეს სიკვდილს გადაარჩინა. ხე ძალიან დიდი იყო და ამიტომ დინამიტი გამოიყენა. გაისმა აფეთქების ხმა, ხე ნაფოტებად დაიშალა და… მოშორებით მდგარი ზიგლენდი მოცელილი დაეცა. ტყვიამ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაინდო, აფეთქებისას თავი „გამოითავისუფლა“ და საბოლოოდ მაინც მოხვდა წლების წინანდელ სამიზნეს.
***
1922 წლის 20 დეკემბერს აშშ-ში გუვერის კაშხლის მშენებლობაზე ადამიანი დაიღუპა. ეს პირველი მსხვერპლი იყო. დაღუპულს ჯორჯ ტირნი ერქვა.
1935 წლის 20 დეკემბერს დამბის მშენებლობას კიდევ ერთი, უკანასკნელი ადამიანი ემსხვერპლა. ეს პირველი გარდაცვლილის ჯორჯ ტირნის ვაჟი იყო.
***
ედგარ ალან პოს ერთ-ერთ მოთხრობაში აღწერილია საზღვაო ხომალდის დაღუპვა, რა დროსაც ოთხი ადამიანი გადარჩება ცოცხალი. ისინი დიდხანს დაცურავდნენ ოკეანეში უჭმელ-უსმელები და საბოლოოდ შიმშილისგან გონგადასულებმა ყველაზე ახალგაზრდა თანამგზავრი რიჩარდ პარკერი შეჭამეს…
მოთხრობის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ღია ზღვაში იპოვეს ნავი, რომელშიც სამი მგზავრი იჯდა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხომალდის კატასტროფას გადარჩენოდნენ. გამოირკვა, რომ თავდაპირველად ისინი ოთხნი ყოფილან, მაგრამ ხანგრძლივი შიმშილისგან ჭკუადაკარგულებს მეოთხე შეეჭამათ, რომელსაც სახელად რიჩარდ პარკერი ერქვა.
***
კომპიუტერულ თამაშზე Deus Ex-ზე მუშაობისას, როდესაც მისთვის პეიზაჟები იხატებოდა, ერთ-ერთმა მხატვარმა შეცდომა დაუშვა და სქემაზე ტყუპი ცათამბჯენები არ დაიტანა. ამ შეცდომის გადასაფარად პროგრამისტებმა თამაშის სიუჟეტში ტერაქტის მსგავსი შემთხვევა დაამატეს, რა დროსაც ტყუპი ცათამბჯენები ინგრეოდა…
თამაშის გაყიდვა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტამდე ერთი დღით ადრე დაიწყო.
***
1975 წელს ბერმუდის კუნძულზე უბედური შემთხვევა მოხდა – ტაქსი ადამიანს დაეჯახა და ადგილზე მოკლა. ამ შემთხვევას ჰყავდა თვითმხილველი — ტაქსის მგზავრი.
გამოხდა ხანი და ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ზემოთ აღწერილი შემთხვევა მოხდა, ტაქსი კვლავ დაეჯახა ადამიანს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გაირკვა, რომ საჭესთან ისევ ის მძღოლი იჯდა, მგზავრიც იგივე ჰყავდა, ხოლო მსხვერპლი… იმ კაცის ძმა იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიღუპა ამ ტაქსის ავარიაში.
***
1975 წლის 22 მაისს ტყუპი ძმები ჯონ და არტურ მოუფორტები საავადმყოფოში მოხვდნენ. ორივე მათგანს გულის შეტევის დიაგნოზი დაუსვეს და ორივე გარდაიცვალა… თუმცა ეს სხვადასხვა საავადმყოფოში და სხვადასხვა ქალაქში მოხდა. მათ 120 კილომეტრი აშორებდა და ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ.
***
იტალიის მეფე უმბერტო I ერთ დღეს პატარა რესტორანში შევიდა და აღმოაჩინა, რომ მისი მფლობელი წვეთი წყალივით ჰგავდა მეფეს. უფრო მეტიც, მასაც უმბერტო ერქვა და ისიც 1844 წლის 14 მარტს, მეფის დაბადების დღეს იყო დაბადებული, ხოლო რესტორანი მეფის კორონაციის დღეს გაეხსნა.
1900 წელს მეფეს აუწყეს, რომ რესტორნის მფლობელი ვიღაცას ტყვიით მოეკლა. გამოხდა ხანი და მეფე უმბერტო I დაიღუპა. მისი სიცოცხლეც ტყვიამ იმსხვერპლა.
***
49 წლის სამხრეთაფრიკელი ასტრონომი დენი დე ტუა ლექციას უკითხავდა სტუდენტებს, რომლის თემაც სიკვდილი იყო.
ასტრონომმა განაცხადა, რომ წინასწარ არავინ იცის საკუთარი გარდაცვალების თარიღი და რომ სიკვდილი ადამიანს ნებისმიერ წამს შეიძლება ეწვიოს. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ლექციის დასრულების მანიშნებელი ზარი გაისმა. დე ტუამ ჩანთიდან პიტნის კანფეტი ამოიღო და ენერგიული ჟესტით ჩაიდო პირში. პროფესორს კანფეტი ყელში გადასცდა, სასულეში გაეჩხირა და ადგილზე გარდაიცვალა…
***
ოჰაიოელი ტყუპები, რომლებიც ბავშვობაში დააშორეს, ისე იზრდებოდნენ, რომ ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ორივეს ჯეიმსი დაარქვეს. ორივე პოლიციელად მუშაობდა და ორივეს ცოლს ლინდა ერქვა. ორივეს თითო ვაჟი ჰყავდა, რომლებსაც ერთნაირი სახელები — ჯეიმს ალანი ერქვათ. ორივეს ჰყავდა ძაღლი სახელად თოი. მოგვიანებით ორივე გაეყარა ცოლს და ორივე თავიდან დაქორწინდა. ორივეს ცოლს კვლავ ერთნაირი სახელი — ბეტი ერქვა.
***
ამერიკელმა მწერალმა ქალმა ენ პერიშმა ბუკინისტურ მაღაზიაში შემთხვევით აღმოაჩინა ზღაპრების წიგნი, რომელმაც ბავშვობა გაახსენა.
გახარებული ქალი ქმარს მიუბრუნდა და ახსნა დაუწყო, როგორ უყვარდა პატარაობაში ეს ზღაპრები და როგორ არ იძინებდა ამ წიგნის გარეშე. მერე წიგნი აიღო, გადაშალა და სატიტულო ფურცელზე ამოიკითხა წარწერა: „ენ პერიში, 209 ვებერ-სტრიტი, კოლორადო“…
ყველა ახალი ამბავი
0