იუსაქმურეთ და მოიწყინეთ - ეს სასარგებლოა: მეცნიერებმა სწორი წესები ჩამოთვალეს

© Pixabay / sasintსევდიანი გოგონა
სევდიანი გოგონა - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ნუ დაძრახავთ საკუთარ თავს იმისთვის, რომ ხანდახან უსაქმურობთ, ზოგჯერ მოწყენილობა–უსაქმურობა საჭიროცაა და საკმაოდ სასარგებლოც ადამიანისთვის, აცხადებენ ფსიქოლოგები.
როგორც კოგნიტიური ნეირობიოლოგიის პროფესორი ჯეიმს დანკერტი ამბობს, ამ დროს ადამიანი მთელ ყურადღებას საკუთარი შინაგანი სამყაროსკენ მიმართავს, მოწყენილობა–უსაქმურობა აიძულებს მას, იპოვოს აზრი ყველაფერში, რაც ხდება, ჩაწვდეს საკუთარ თავს და გააანალიზოს, რას ელის ცხოვრებისგან.
პროფესორის მტკიცებით, სწორედ ასეთ დროს ვიაზრებთ საკუთარ შეგრძნებებს, ვგრძნობთ სუნებს, ვარჩევთ ფერებს. ანუ მოწყენილობა–უსაქმურობისას გარემომცველი რეალობის ერთგვარ მკვლევარებად ვიქცევით და ვმსჯელობთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ვინ ვარ?
რა მიყვარს და რა მინდა?
სად ვარ და როგორ აღმოვჩნდი ამ წერტილში?
მომწონს თუ არა ის, რაც გარს მაკრავს? თუ არა, როგორ შემიძლია ეს შევცვალო?
რა უნდა ვაკეთო მომავალში?
ასე რომ, დანკერტის თქმით, მოწყენილობა–უსაქმურობა რეფლექსიისა და „ცხოვრების აზრის ძიებისთვის“ შესანიშნავი ფონია.
ფსიქოლოგმა სენდი მენმა, რომელიც მოწყენილობის ფენომენს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სწავლობს და წიგნიც კი მიუძღვნა მას სათაურით The Upside of Downtime: Why Boredom Is Good („უსაქმურობის სარგებელი: რატომაა მოწყენილობა კარგი“), მრავალწლიანი კვლევის შემდეგ დაასკვნა, რომ მოწყენილობა–უსაქმურობისას ადამიანები უფრო შემოქმედებითად აზროვნებენ, ვიდრე საქმიანობის დროს. ანუ, როცა ადამიანი არაფერს აკეთებს, მისი ტვინი ეძებს გზას, რომ რამით დაკავდეს.
სენდი მენის თქმით, მოწყენილობა–უსაქმურობა:
არის სიგნალი იმისა, რომ ძველი, ჩვეული საქმეები უკვე აღარაფერს გვასწავლის და ტვინის განვითარებისთვის რაღაც ხარისხობრივად ახლის მოძებნაა საჭირო;
აიძულებს მუდმივი რუტინით დაღლილ ადამიანს, უინტერესო საინტერესოდ აქციოს. ცდილობს იპოვოს უფრო კრეატიული მიდგომა უინტერესო საქმისადმი, შეხედოს ჩვეულ რაღაცებს ახლებურად;
საშუალებას გაძლევთ გადახედოთ თქვენს ქცევას, გადაუხვიოთ კარგად გათელილ გზას და შეიცვალოთ მიმართულება. მოწყენილობის დროს ადამიანს ახალი იდეები უჩნდება.
როგორც მეცნიერი ამანდა მარკი წერს დისერტაციაში, მოწყენილობა ევოლუციურად მნიშვნელოვანი ემოციაა. ეს საშუალებას აძლევს ადამიანს, ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ რაღაც მომენტში ტვინის რესურსები არაეფექტურად იხარჯება და სტრატეგიის შეცვლაა აუცილებელი.
ფსიქოლოგი ჯონ ისტვუდი მოწყენილობას „დაუსაქმებელ გონებას“ უწოდებს. მისი თქმით, მოწყენილობა არის სრულფასოვანი საქმიანობის დაუკმაყოფილებელი სურვილი. ამ დროს ტვინი ეძებს სტიმულს და თავის რესურსებს ახალი ამოცანებისა და მათი გადაჭრის გზების პოვნისკენ გადართავს.
მოკლედ, პერიოდულად მოწყენილობა–უსაქმურობა მართლაც სასარგებლო რამაა, თუ ამას სწორად გააკეთებთ.

როგორ მოვიწყინოთ და ვიზარმაცოთ სწორად

მეცნიერების პირველი და უმთავრესი რჩევა ისაა, რომ როცა რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ შესასრულებელი და არ იცით როგორ გააკეთოთ ეს, ან სერიოზული გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები და ვერ ხვდებით როგორ მოიქცეთ, ნერვიულობითა და ფიქრით თავი არ უნდა დაიტანჯოთ. უბრალოდ, დაჯექით მშვიდად, შეისვენეთ, მიეცით დრო ტვინს, რომელსაც უკვე დასახული აქვს ამოცანა, რომ სწორი გზა იპოვოს.
ამისათვის:
ნუ ჩააჩერდებით ტელეფონსა თუ კომპიუტერს უაზრო პოსტებისა თუ გადაცემების წასაკითხ-სანახავად. იმისათვის, რომ ტვინი ახალი გადაწყვეტილებების ძიებაზე გადაერთოს, ის არაფრით არ უნდა იყოს დაკავებული, თქვენ წარმოიდგინეთ, წიგნის კითხვითაც კი. საჭიროა ნამდვილი მოწყენილობა განიცადოთ — აი, ისეთი, ექიმთან მიღებაზე გრძელ რიგებში დგომისას რომ გეუფლებათ;
მუსიკის მოსმენა, თუნდაც დაბალ ხმაზე, ასევე არ უწყობს ხელს ტვინის მოდუნებას. ამიტომ ნუ ჩართავთ მას. უბრალოდ იმ ხმებს მიუგდეთ ყური, რომლებიც გარს გაკრავთ: ჩიტების ჟივჟივს, წვიმისა თუ ქარის ხმაურს;
ნუ იუსაქმურებთ მაცივართან ახლოს — საჭმელი გართობისა და მკვეთრი ემოციების მიღების სწრაფი გზაა, ამიტომ აუცილებლად მოგინდებათ რაღაცის გასინჯვა;
მოიწყინეთ მარტოობაში. სწორედ ასე შეძლებთ საკუთარი შინაგანი ხმის გაგონებას და არა თანამოსაუბრისა;
მოიდეთ გვერდზე ფურცელი და კალამი, ჩაიწერეთ მოწყენილობა–უსაქმურობისას თავში მოსული იდეები. ტექსტის გამართვა–დალაგება მაინცდამაინც საჭირო არ არის — გააკეთეთ მოკლე შენიშვნები ან ჩანახატებიც კი, და მერე გაშიფრეთ ისინი.
да.
ყველა ახალი ამბავი
0