ატიპიური სიგნალები ორგანიზმისგან: მაღალი ქოლესტერინის უჩვეულო სიმპტომები

© Pixabay / qimono
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ხშირად გვაფრთხილებენ სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის ცუდ შედეგებზე, ბევრი ადამიანი მაინც არ იწყებს დროულად მკურნალობას, რადგან ეს მეტაბოლური ანომალია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს რაიმე სიმპტომით, ვინაიდან მაღალი ქოლესტერინი დაუყოვნებლივ არ იწვევს ტკივილებს და არ არღვევს სასიცოცხლო ფუნქციებს, წერს Interia Zdrowie სპეციალისტებზე დაყრდნობით.
თუმცა, ექსპერტების თქმით, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც ქოლესტერინის მაღალ დონეზე მეტყველებს და რომლებიც შეშფოთების საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ.
ცნობისათვის: ქოლესტერინი არის ღვიძლში წარმოებული და საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვედრილი ლიპიდი, რომელიც აუცილებელია ბიოლოგიური მემბრანების ასაგებად და ვიტამინ D3-ის სინთეზისთვის. გარდა ამისა, ის მონაწილეობს გარკვეული ჰორმონების გამომუშავებაში და ასევე ხელს უწყობს ცხიმების მონელებას.
მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინი ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, მისი ჭარბი დონე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, რადგან იწვევს მრავალი დაავადების, განსაკუთრებით, ათეროსკლეროზისა (შესაბამისად, ინსულტების, მიოკარდიუმის ინფარქტების, არტერიული თრომბოზის რისკებს) და პერიფერიული არტერიების დაავადების განვითარებას.
მაგრამ იმისათვის, რომ ქოლესტერინის დონის მომატება შეამჩნიოთ, სისხლში მისი ნორმა უნდა იცოდეთ. ეს 5,2 მმოლ/ლ-მდეა (ან 200 მგ/დლ).
თუ ანალიზმა აჩვენა:
5,2-დან 6,5 მმოლ/ლ-მდე ქოლესტერინი — ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს ათეროსკლეროზის განვითარების მაღალი შანსი;
6,5 მმოლ/ლ-ზე მეტი ქოლესტერინი — ეს უკვე აშკარა ჰიპერქოლესტერინემიაა, რომელიც გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს, განსაკუთრებით, თუ ადამიანი მწეველია.

მაღალი ქოლესტერინის უჩვეულო სიმპტომები

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა — ქოლესტერინის მომატებული დონე აფერხებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც უჯრედებს საკმარისი ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება. ეს კი თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას იწვევს. თუ ჩივილები ეპიზოდურია, ეს შეშფოთების მიზეზი ვერ იქნება, მაგრამ თუ აღნიშნული სიმპტომები ხშირად მეორდება, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია — შესაძლოა განმეორებადი სიმპტომები საძილე არტერიების სტენოზზე მეტყველებდეს.
ცვლილებები კანზე — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კანზე, რომელიც ქოლესტერინის მომატებაზე მიუთითებს, ქსანთელაზმები, ანუ ფოლაქებია, რომლებიც ძირითადად ქუთუთოზე, იდაყვებზე ან მკერდის ქვეშ ჩნდება. კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც ქოლესტერინის სიჭარბეზე მეტყველებს — ე.წ. ფორდისის ლაქებია, ანუ პატარა თეთრი ლაქები ტუჩების კიდეებზე.
ჭრილობის გვიან შეხორცება — მაღალი ქოლესტერინის კიდევ ერთი ნიშანია ანთებისკენ მიდრეკილება და ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცება. ამის მიზეზია სისხლის მიმოქცევის შეზღუდვა, რაც წყლულების წარმოქმნას იწვევს, განსაკუთრებით, ტერფის შიდა მხარეს.
ტკივილი და სიმძიმე ფეხებში — გამომდინარე იქიდან, რომ ფეხები გულიდან შორსაა, არტერიული ანომალიების შემთხვევაში მათი სისხლით მომარაგება ძნელდება. შესაბამისად, თუ ქვედა კიდურებში ტკივილსა და სიმძიმეს გრძნობთ, ასევე გაქვთ ცივი და უფერული ტერფები, უნდა იცოდეთ, რომ ეს პერიფერიული არტერიების დაავადების ნიშნებია, რაც მაღალი ქოლესტერინის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შედეგია.
ფეხის ფრჩხილების ნელი ზრდა — როგორც ბრიტანული Mayo Clinic-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, მაღალი ქოლესტერინი ტერფებისკენ მიმავალ სისხლის ნაკადს ბლოკავს, რაც გავლენას ახდენს ფრჩხილების ზრდაზე. მათი თქმით, პერიფერიული არტერიული დაავადების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ფეხის ფრჩხილების ნელი ზრდაა.
გარდა ამისა, მაღალ ქოლესტერინზე ასევე მეტყველებს წვივის კუნთებში „მტკივნეული კრუნჩხვები“ კიბეებზე ასვლის ან სიარულის დროს, ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, სიცივე წვივებსა და ტერფებში.
კიდევ ერთი ნიშანი — წვივების ფერის შეცვლაა, რა დროსაც კანი უფრო პრიალა ხდება. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა ან თმის ზრდის შენელება.
სიმპტომები საჭმლის მომნელებელი სისტემისგან — მაღალი ქოლესტერინის ატიპიური სიმპტომებია გულისრევა, თხელი განავალი, ღებინება და მუცლის ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე ყველაზე ხშირად ნაწლავების არასწორი ფუნქციონირების შედეგია, ჩამოთვლილი სიმპტომები ასევე შეიძლება იყოს ლიპიდებისა და ნაღველის დაგროვების შედეგი, რაც ქოლეცისტიტს იწვევს.
სიმძიმე გულმკერდის არეში — ჭარბი ქოლესტერინის უკიდურესად სერიოზული სიმპტომია კორონარული სისხლძარღვების ბლოკირება, რაც გულმკერდის არეში შებოჭილობისა და სიმძიმის შეგრძნებას იწვევს. ეს ყოველივე განსაკუთრებით ძლიერდება ვარჯიშის დროს. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს მხრებზე და ქვედა ყბაზე.
მაღალი ქოლესტერინის სხვა სიმპტომებია:
ფეხის თითების გამუქება — რაც ზოგჯერ პერიფერიული არტერიების პროგრესირებადი დაავადების ნიშანია;
მკაფიო რკალი თვალში — რქოვანას ირგვლივ ლიპიდების დაგროვების გამო;
ფოლაქები მყესებზე — განსაკუთრებით აქილევსის მყესსა და თითების გამშლელ მყესებზე. ფოლაქები მყესებზე დაავადების ადრეულ სტადიაზე ვითარდება.

მითები ქოლესტერინზე

არსებობს რამდენიმე ძალიან პოპულარული მოსაზრება ქოლესტერინის შესახებ, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს.
ეს მითებია:
ქოლესტერინის დონეს ცხიმიანი საკვები ზრდის — მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებაში ბევრი სიმართლეა, ის აქსიომად ვერ ჩაითვლება. გაჯერებულ ცხიმებს უჯერი ცხიმებისგან სრულიად განსხვავებული თვისებები აქვს. გარდა ამისა, ქოლესტერინის დონეს მარტივი ნახშირწყლების მოხმარებაც ზრდის;
ქოლესტერინის სტანდარტები ყველასთვის ერთნაირია — ადამიანებში, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადება არ ჰქონიათ და ადამიანებისთვის, რომლებსაც, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან ჰიპერტენზია აქვთ, LDL ქოლესტერინის ნორმალური დონე სრულიად განსხვავებულია;
მაღალი ქოლესტერინის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი საშუალება სტატინებია — მედიკამენტების გარდა, მკურნალობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
ახალგაზრდებს ქოლესტერინის პრობლემა არ აქვთ — აი ამ პოპულარული მითის გამო არ იმოწმებს ბევრი ახალგაზრდა ქოლესტერინის დონეს. გახსოვდეთ, რომ ჰიპერქოლესტერინემია ყველა ასაკის ადამიანს ემართება;
ნორმალური წონა გამორიცხავს ჰიპერქოლესტერინემიას — მაშინაც კი, თუ თქვენი წონა ნორმალურია, ქოლესტერინი მაინც შეიძლება მომატებული გქონდეთ. მის დონეზე სხვა ისეთი ფაქტორები ახდენენ გავლენას, როგორებიცაა: საკვები, ფიზიკური აქტივობა, მოწევა და ალკოჰოლი.
ყველა ახალი ამბავი
0