მოსაზრება: კიევმა ფრანგული Crotale მიიღო - პოლონეთს შეუძლია მშვიდად იძინოს

© AFP 2024 / MYCHELE DANIAU
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
დასავლეთი არც ადრე ანებივრებდა კიევს თანამედროვე შეიარაღებით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ კი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ალბათ მხოლოდ ანტიკვარიატს მიიღებს, მათ შორის, 1972 წლის ნიმუშის ფრანგულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Crotale-ს და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბრიტანულ საზენიტო იარაღს.
მოსაზღვრე სოფელში შემთხვევით თუ განზრახ ჩაგდებულმა რაკეტამ უკრაინის წინააღმდეგ იმუშავა. დასავლელმა მოკავშირეებმა შემთხვევა შეაფასეს, როგორც რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ნატოს ჩათრევის მცდელობა. ამიერიდან ალიანსის პრიორიტეტი - პოლონეთის ჯარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაა. ბერლინმა უკვე შესთავაზა ვარშავას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot. თავის მხრივ, უკრაინის ჯარი დასავლეთისგან მიიღებს ძველ ფრანგულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Crotale-ს და ბრიტანულ საზენიტო იარაღს.
საფრანგეთმა უკრაინას Crotale-ის ორი ბატარეა გადასცა, რომელთა პირობითი ზალპი 96-მდე საზენიტო რაკეტაა, რომელიც 10 კმ-მდე მანძილს ფარავს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნიუს თქმით, იხილება უკრაინის განაცხადი რადარების, ასევე ზალპური ცეცხლის ორი რეაქტიული სისტემის გადაცემაზე.
იმავე დღეს, 19 ნოემბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში განაცხადა, რომ ლონდონი გააძლიერებს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას 125 საზენიტო იარაღით უპილოტოებთან საბრძოლველად.
პენტაგონის თავკაცის ლოიდ ოსტინის რიტორიკის ფონზე, რომელიც საუბრობს „უკრაინის მნიშვნელობაზე მსოფლიოს ყველა ხალხისთვის“, კიევი შექმნილ ვითარებაში იმედგაცრუებულია დასავლეთის იარაღის საბოტაჟით, დაპირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობით, რომელთაც რუსეთის თავდასხმისგან უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა შეუძლიათ. ნატოს ცალკეულმა ქვეყნებმა საშუალო და მცირე მანძილის მხოლოდ რამდენიმე ათეული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გადასცეს, რომელიც არ არის საკმარისი კიევის ცის ჩასაკეტად. აღსანიშნავია, რომ ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ეფექტურ სისტემას აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთიც არ ფლობენ.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა კიევს თებერვლის ბოლოდან დღემდე 21,5 მილიარდი დოლარი გამოუყო, მაგრამ ფული გამარჯვების გარანტორი არ არის.

მცირე მანძილის „შხამიანი გველი“

მცირე მანძილის მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Crotale (შხამიანი გველი) კომპანია Thomson-CSF-მა 1960-იან წლებში შექმნა, საფრანგეთის ჯარს შეიარაღებაში აქვს 1972 წლიდან. კომპლექსი არაერთხელ განახლებულა. იყიდებოდა ბაჰრეინში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, ლიბიაში, ნიდერლანდში, ფინეთში, პაკისტანში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სამხრეთ კორეაში.
მისი ბოლო მოდიფიკაცია Crotale-NG დაკომპლექტებულია მაღალსიჩქარიანი რაკეტით VT-1 (1986 წელს შექმნილი) და რადიოლოკაციური სადგურით. ავტონომიურ კომპლექსს თეორიულად შეუძლია 15 წამში აღმოაჩინოს და რაკეტებით გაანადგუროს 8 საჰაერო სამიზნე 1000 კმ/სთ-მდე სიჩქარით იმავე 10 კმ-ის მანძილზე. თუმცა ყველა მოდიფიკაციის Crotale-ის საბრძოლო გამოყენების ისტორია „თეთრ ლაქად“ რჩება. მისი ეფექტურობა სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენების შედეგად ცხადი არ არის. კომპლექსის ნომინალური დანიშნულება – ობიექტების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით თავდასხმითი ოპერაციების აცილება – სარეკლამო სლოგანს ჩამოჰგავს. პოლონეთს შეუძლია მშვიდად იძინოს – ნატოს საზენიტო რაკეტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან იქ არ ჩაფრინდებიან.
რასაკვირველია „შხამიანი გველი“ არ არის გათვლილი მრავალი ათწლეულის განმავლობაში ექსპლუატაციისთვის. უკრაინისთვის მისი მიწოდება მათი უტილიზაციის კარგი საშუალებაა.
რა იქნება შემდეგ? პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა 20 ნოემბერს უსაფრთხოების საკითხების ფორუმზე გალიფაქსში განაცხადა, რომ ნატო არის თავდაცვითი გაერთიანება და „არ ისწრაფვის რუსეთთან კონფრონტაციისკენ“, თუმცა უკრაინაში კონფლიქტის შედეგები იქნება „მიმდინარე ასწლეულში გლობალური უსაფრთხოების კურსის“ განმსაზღვრელი. რასაკვირველია, საუბარია აშშ-ის გლობალურ უსაფრთხოებაზე.
გამოცემა Washington Post-მა ამას წინათ გაავრცელა ვაშინგტონის ცინიკური პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით: „ჩვენ სხვა ქვეყანას ვუხდით იმისთვის, რომ მან აწარმოოს საშინელი ომი საკუთარ ტერიტორიაზე, რათა ჩვენ არ მოგვიხდეს კიდევ უფრო საშინელი ომის წარმოება ნატოს მოკავშირეების ტერიტორიებზე“. ანალიტიკურმა ცენტრმა AtlanticCouncil-მაც ანალოგიური მიდგომა გაავრცელა: „დასავლეთის დღევანდელი სტრატეგია მიმართულია რუსეთის დასუსტებისკენ ისე, რომ არ გამოიწვიოს მსხვილმასშტაბიანი რეგიონული ომი. უკრაინის როლი ამ სტრატეგიაში ის არის, რომ დაასუსტოს რუსეთის ბრძოლისუნარიანობა“.
პენტაგონსა და ნატოში ესმით, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „არ ჰყოფნით თანამედროვე მანევრული ომის ქვეითთა კრიტიკული კომბინაცია და საჰაერო დაცვა“, თუმცა კიევი არ მიიღებს ნატოს თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს, ტანკებს, 300 კმ მანძილის ბალისტიკურ რაკეტებს ATACMS-სა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს Patriot PAC-3-ს. უკრაინის ჰიპოთეტური გამარჯვებით რუსეთზე დასავლეთის საღად მოაზროვნე წრეებში არავინაა დაინტერესებული. ეს ფანტასმაგორია ავტომატურად გადაიქცეოდა ბირთვულ არმაგედონად აშშ-ისა და ნატოსთვის, რომლებიც გამუდმებით აცოცხლებენ მომაკვდავ უკრაინულ არმიას.
უკრაინის ამოცანაა - დიდხანს და ნატოსთვის უსაფრთხოდ მოკვდეს აშშ-ის ინტერესებისთვის და ხელი შეუწყოს ალიანსის გაძლიერებასა და რუსეთის დასუსტებას. თუ უკრაინის რესურსები ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, ომის ალში ვაშინგტონი შეაგდებს პოლონეთს, რუმინეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ცალკეული პროტესტი ნატოსა თუ ევროკავშირში საერთო სტრატეგიაზე გავლენას არ ახდენს. ვაშინგტონმა 24 თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გადაისროლა ევროპაში 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამერიკელი ჯარისკაცების საერთო რაოდენობა ევროპაში 100 ათასს აღემატება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0