პრეზიდენტი: სააკაშვილის შეწყალების უფლება არ მაქვს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
საქართველოს კანონმდებლობით, შეწყალება შესაძლებელია მხოლოდ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები განხილვის პროცესშია, ამიტომ მე არ შემიძლია მისი შეწყალება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.
სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ხუთი საქმიდან განაჩენი გამოტანილია ორზე. დანარჩენ საქმეებს პირველი ინსტანციის სასამართლო იხილავს.

„მე არ მაქვს უფლება შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი მარტივი მიზეზის გამო – საბოლოო განაჩენი გამოტანილი არ არის და მისი საქმე ამ დრომდე განხილვის ეტაპზეა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, ქართული კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება მხოლოდ საქმის განხილვის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი სააკაშვილს რიგი მიზეზების გამო არ შეიწყალებს.
„ეს არის დიდი პოლარიზაციის ფაქტორი. ადამიანები ცხოვრობდნენ მისი რეჟიმის დროს და, პრაქტიკულად, არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ გამოუცდია, თუ რას ნიშნავს მსგავსი ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად უნდა ვიქცე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მეორე მხრივ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს.
„მე ვარ სახელმწიფოს მეთაური და არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს, ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, იგი თვალს ადევნებს სააკაშვილის ჯანმრთელობას და მხარს უჭერს მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას.
„მე საჯაროდ ვაცხადებდი, რომ ვფიქრობ, უნდა მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ. თუმცა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„სპეკულაციები უადგილოა" - სააკაშვილი მის შესაძლო მოწამლვაზე>>>
ექს-პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ სამკურნალოდ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, ადრე განაცხადა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, უკვე თვეებია ვერ ხერხდება ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა–რეაბილიტაცია.
გუშინ მთავრობის კანცელარიის შენობის წინ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ამ მოთხოვნით აქცია გაიმართება 23 ნოემბერსაც.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0