ბავშვისთვის მარგებელი ფაფა შეიძლება მავნებლად იქცეს: კომაროვსკის განმარტება

© Pixabay / cgdsroშვრიის ფაფა
შვრიის ფაფა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი ბავშვთა კვების თაობაზე საუბრობს და მშობლებს განუმარტავს, რომელი ფაფაა პატარებისთვის ყველაზე მარგებელი, რა შემთხვევაში და როგორ უნდა მოიხარშოს მანანის, წიწიბურის, შვრიისა თუ სხვა ფაფა.
აი, რას ამბობს სპეციალისტი:
მოდით, თავდაპირველად გავერკვეთ, რა არის ფაფა?

ფაფა — რძეში ან წყალში მოხარშული რომელიმე ბურღულეულია. სწორედ ის სითხე, რომელშიც ბურღულეული იხარშება, განსაზღვრავს კიდეც ფაფის მარგებლობას.
მაგალითად, თუ რკინით მდიდარ წიწიბურას რძეში მოვხარშავთ, მაშინ რძეში შემავალი კალციუმი, ასე ვთქვათ, რკინის კონკურენტი, ამ უკანასკნელს აბსოლუტურად გამოუსადეგარ ნივთიერებად აქცევს.
მე არ გეუბნებით, რომ ეს კრიტიკულად ცუდია, იმიტომ რომ რკინა სხვა საკვებიდანაც შეგვიძლია ბავშვს მივაწოდოთ, მაგრამ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ სითხე, რომელშიც მარცვლეულს ვხარშავთ, გავლენას ახდენს ფაფის მარგებლობის ხარისხზე.

მსოფლიოს დიეტოლოგები დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ სხვადასხვა ბურღულეულის მარგებლობაზე და ბოლოს, როგორც იქნა, გამოყვეს ლიდერთა შვიდეული:
1.
წიწიბურის ფაფა
2.
შვრიის ფაფა
3.
ქერის ბურღული („პერლოვკა“)
4.
ფეტვის ფაფა
5.
სიმინდის ფაფა
6.
ბრინჯის ფაფა
7.
სელის ფაფა

წიწიბურა

მიუხედავად იმისა, რომ წიწიბურას ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ იცნობენ, დიეტოლოგებმა პირველ ადგილზე წიწიბურა დააყენეს — უამრავი რკინის, ცილისა და უჯრედისის შემცველი მარცვლეული.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ წიწიბურის სამშობლოში, ინდოეთში, სადაც ის ოდითგან „შავი ბრინჯის“ სახელით იყო ცნობილი, ახლა მას თითქმის აღარ იყენებენ.

შვრია

გაირკვა, რომ შვრიის მარგებლობა თუ მავნებლობა პრინციპულადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორაა დამუშავებული მარცვალი. ამიტომ სწრაფი მომზადების შვრია, რომელსაც მდუღარე წყალს ასხამენ და ის უკვე მზადაა საჭმელად, ლამის ყველაზე უსარგებლო და მავნებელი ფაფაა.

მარგებელია და ყუათიანი მხოლოდ მარცვლოვანი შვრია, რომელსაც ხარშვა სჭირდება.

ქერის ბურღული (პერლოვკა)

ქერის მარცვლის კულტივირება (რომლისგანაც მზადდება კიდეც ბურღული) უძველეს დროში დაიწყეს ადამიანებმა. მისგან დამზადებული ფაფა რომაელი გლადიატორების საყვარელი საჭმელი იყო. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანებმა არა მარტო დაივიწყეს „პერლოვკის“ სწორად მომზადების წესი, არამედ სრულად გაანადგურეს მისი რეპუტაცია, თითქოს ის მხოლოდ ღარიბების საკვები იყოს.

არადა, პირიქით კია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარგებელი ფაფაა, რომელიც, წიწიბურასი არ იყოს, უამრავ რკინას, ცილასა და უჯრედისს შეიცავს. უჯრედისი კი პროდუქტის ის ნაწილია, რომელიც არ გადამუშავდება და, შესაბამისად, შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს.
ირკვევა, რომ ქერის ბურღულის მარგებლობასაც მომზადების ტექნოლოგია განსაზღვრავს. ძველად მას ჯერ აუცილებლად ალბობდნენ წყალში და მთელი ღამე ასე ტოვებდნენ, ხარშვით კი მეორე დილით ხარშავდნენ გახურებულ ღუმელში. ასეთია „პერლოვკის“ მომზადების სწორი წესი, რომელსაც ახლა ლამის ვეღარსად იყიდით.

ფეტვი

სამწუხაროდ, ფეტვის ფაფის მომზადების კულტურაც უკვე იკარგება, მიუხედავად იმისა, რომ ის პლანეტის ყველაზე მარგებელ ფაფათა ჩამონათვალშია შესული.

ბრინჯი

ბრინჯის მიმართ დამოკიდებულება თითქმის ისეთივეა, როგორიც შვრიის ფაფისადმი. თეთრი და გაწმენდილი ბრინჯი, რომელსაც მაღაზიებში ვყიდულობთ და ვამზადებთ, არანაირ კავშირში არ არის მარგებლობასთან. აი რუხი და გაუწმენდავი ბრინჯი კი — ეს მიკროელემენტებიცაა, უჯრედისიც და უამრავი ცილაც.

სწორედ ამიტომ მიირთმევს ბრინჯს მილიარდობით ადამიანი პლანეტაზე, თავსაც კარგად გრძნობენ და კიდეც მრავლდებიან.

სელი

ეს აბსოლუტურად უნიკალური ბურღულეულია, რომელსაც პრაქტიკულად არავინ ხარშავს ფაფად. არადა, მცენარეებიდან მხოლოდ სელის თესლი შეიცავს ომეგა 3-ს, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ თევზში გვხვდება.
დედებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ სელის ეს უნიკალური თვისება.
რაც შეეხება ბებიების უსაყვარლეს მანანის ბურღულს, ის სასარგებლო ფაფების ჩამონათვალში არ მოხვდა. ეს საცოდავი და ღარიბი ქვეყნების საკვებია, ვინაიდან დიდხანს რჩება ნაწლავებში და ადამიანს სიმაძღრის გრძნობას უნარჩუნებს. არადა, ნახშირწყლების მეტს პრაქტიკულად არაფერ სხვა სასარგებლოს არ შეიცავს.

საერთოდ, როცა ამა თუ იმ ფაფის მარგებლობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად აჯერებს და კვებავს ის ორგანიზმს ენერგიითა და აუცილებელი ნივთიერებებით: ცილებით, ცხიმებით, მიკროელემენტებითა თუ ვიტამინებით.
ეს ყველაფერი კი, როგორც წესი, ბურღულის გარსშია. ანუ, რაც უფრო ნაკლებადაა მარცვალი გაწმენდილი, მით მეტია მასში მიკროელემენტებიც, უჯრედისიცა და ვიტამინებიც.
გამოდის, რომ თუ გაწმენდილი ბრინჯის, ან მექანიკურად საგულდაგულოდ დამუშავებული შვრიისა თუ მანანის ბურღულის ზომამდე დაფქული ხორბლის ფაფას მოხარშავთ, ამ ფაფის მარგებლობა პრაქტიკულად ნული იქნება. უფრო მეტიც, ამგვარი ფაფა მავნებელ პროდუქტებს უტოლდება.

ამიტომ თუ ბავშვს მხოლოდ შიმშილის დაკმაყოფილება სჭირდება, ამას მანანის ფაფა მშვენივრად გაართმევს თავს. მაგრამ თუ მის გაზრდა-განვითარებაზე ზრუნავთ, ანუ გსურთ ბავშვმა საკმარისი რაოდენობით მიიღოს მიკროელემენტები, უჯრედისი და ვიტამინები, მაშინ მანანის ფაფა ვერ დაგეხმარებათ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე კვირაში ერთხელ ბავშვისთვის მანანის ფაფის მიცემა არაფერს ავნებს მას.
დაიმახსოვრეთ: თუ ფაფებს რძეზე ამზადებთ, ბურღულში შემავალ რკინას ორგანიზმი ნაკლებად მიიღებს. ამაში არაფერია საგანგაშო, თუ ბავშვი ხორცის მჭამელია, ვინაიდან იქიდან შეივსებს რკინის მარაგს. მაგრამ თუ მას ხორცი არ უყვარს, ჯობს ფაფები წყალზე მოხარშოთ!
ყველა ახალი ამბავი
0