ქარბუქთა დამაოკებელი: ამბავი ეგვიპტის მმართველი ქართველი მამლუქისა

CC BY-SA 4.0 / Wikipedia / „მკვდართა ქალაქი“ კაიროში
„მკვდართა ქალაქი“ კაიროში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
კაიროს „მკვდართა ქალაქში“, სხვა რამდენიმე სახელოვან მამლუქ მმართველთა გვერდით, ქართველი ალი ბეგ ალ-ქაბირიც განისვენებს, რომელიც პირამიდების ქვეყანას 1757 წლიდან 1773 წლამდე ერთპიროვნულად მართავდა.
ისტორიკოსთა ნაწილი მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლადაც კი მიიჩნევს.

ცნობილია, რომ ალი ბეგი 1728 წელს დაიბადა. მისი მამა დავით მღებრიშვილი ეკლესიის წინამძღვარი ყოფილა და იოსებს (ასე რქმევია ალი ბეგს სინამდვილეში) ჭეშმარიტ მართლმადიდებლად ზრდიდა, ვიდრე 13 წლისა არ გაიტაცეს და მონად არ გაყიდეს ეგვიპტეში.

ბიჭი ეგვიპტის მაშინდელი მმართველის, წარმოშობით ქართველი იბრაჰიმ ქაჰიას (ქათხოდას) ოჯახში მოხვდა და სახელიც მან შეუცვალა: ალი დაარქვა იოსებს. იბრაჰიმთან ისწავლა ალიდ ქცეულმა იოსებმა ცხენით ჯირითი, ტყვიის სროლა, ხმლის მარჯვედ ქნევა თუ „ჯერიდის“ ტყორცნა.
მალე სწორუპოვარ მეომრად იქცა. მაშინდელ ეგვიპტეში ძნელად თუ მოიძებნებოდა მასავით ძლიერი, ჭკვიანი, განათლებული ადამიანი. ამადაც ანდო იბრაჰიმ ქაჰიამ ურთულესი საქმე – ახალგაზრდა და გამოუცდელ ალის მექაში მიმავალი მომლოცველები უნდა დაეცვა მომთაბარე არაბული ტომების თავდასხმებისგან.
ქართველი მამლუქის მცირერიცხოვანმა რაზმმა შეუძლებელი შეძლო — დიდი შიში დათესა მოთარეშე არაბებში და საერთოდ დაუკარგა მომლოცველებზე თავდასხმის ხალისი. სწორედ ამ ბრძოლებში გამოვლენილი სიმამაცის, საოცარი ფიზიკური ძალისა და მოხერხებულობის გამო შეარქვეს მას არაბებმა „ჯენ ალი“ ანუ „ალი სატანა“.
გამოხდა ხანი. მამლუქმა იბრაჰიმ ჩერქეზმა მუხანათურად მოკლა იბრაჰიმ ქაჰია და შეიხ ალ ბალადის თანამდებობის (მამლუქთა ოლიგარქიის უმაღლესი პირი) ხელში ჩაგდებას შეეცადა. მაგრამ მამლუქთა ბეგებმა არ ისურვეს მოღალატისა და მკვლელის შეიხობა და მხარი არ დაუჭირეს მას. ასე რომ, ქაჰიას მკვლელობამ იბრაჰიმს ოცნება ვერ აუსრულა, აი ალი ბეგის აღზევება კი დააჩქარა − 1763 წელს ბეგებმა ის შეიხ ალ ბალადად აირჩიეს.
სამართლიანი მმართველის სახელი დაიმკვიდრა ალი ბეგმა, რომელსაც ოსმალებმა „ქარბუქთა დამაოკებელი“ უწოდეს, ვინაიდან დამნაშავეთ მკაცრად სჯიდა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა მისი ერთგული.
ალი ბეგი ეგვიპტის ფაქტობრივი ბატონ-პატრონი გახდა, მაგრამ ნომინალურად პირამიდების ქვეყანას ოსმალო ფაშა განაგებდა. თუმცა მას რეალურად არავინ არაფერს ეკითხებოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა ოსმალთა ხონთქარს და საბაბს ეძებდა, რათა ანგარიში გაესწორებინა თავგასული მამლუქებისთვის.
და ამის დროც დადგა. 1768 წელს ოსმალეთ-რუსეთის ომი დაიწყო. რუსთა ბანაკში აღმოჩნდნენ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე და იმერეთის მეფე სოლომონ პირველი. ხოლო ხონთქარმა ომში ჩასართველად ალი ბეგს უხმო თავისი ჯარით.
საგონებელში ჩავარდა ეგვიპტის მმართველი. სულთნისთვის ჯარის მიშველება საქართველოს დარბევას ნიშნავდა, რაც არამც და არამც არ სურდა წარმოშობით ქართველს. თანაც სხვა მიზეზიც ჰქონდა ფეხის ასათრევად და ნაბრძანების დასაყოვნებლად, თუმცა ჯარი კი შეკრიბა.
ამასობაში ხონთქარმა ალი ბეგის დაგვიანების მიზეზიც შეიტყო და მისი ნამდვილი ზრახვებიც, რამაც უკიდეგანოდ გააცოფა ოსმალთა ხელისუფალი.
ალი ბეგს ჯერ კიდევ 1766 წელს წარეგზავნა საქართველოში ემისარი, რომელმაც ერთობ სასიხარულო ამბავი წაიღო ერეკლე მეორისთვის. ქართველი ბეგი ქართლ-კახეთის მეფეს დახმარებას ჰპირდებოდა ოსმალებთან წინააღმდეგ ბრძოლაში და 20 ათასი რჩეული მეომრის გაყვანას აღუთქვამდა მათ წინააღმდეგ.
სხვა დავალებაც ჰქონდა ემისრად წარმოგზავნილ ქართველ მამლუქ ალი ტანტავს: მბრძანებლის ოჯახის წევრები უნდა მოეძებნა და კაიროში ჩაეყვანა დიდ ბეგად ქცეული იოსებისთვის.
პირნათლად შეასრულა ეს დავალება ტანტავმა, მაგრამ უპირველესი მისია ჩაიშალა: ერეკლემ უპასუხოდ დატოვა ალი ბეგის შეთავაზება.
მერე კი...
1770 წელს ასპინძის ომში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს თურქები, მაგრამ ერეკლეს ომის გაგრძელების ძალა აღარ ეყო და ხონთქარმაც, რომელსაც გულში ჰქონდა ამოჭრილი ალი ბეგის დასჯა, ისარგებლა ვითარებით: დაუმორჩილებელი ბეგის თავიდან მოშორება განიზრახა.
ხონთქარმა კაფუჯი ფაშა აფრინა კაიროში და თან გაატანა ბრძანება ურჩი ქართველის სიკვდილით დასჯის თაობაზე. მაგრამ ალი ბეგის მსტოვრებმა კაფუჯი ფაშა დაატყვევეს და ხონთქრის ფირმანიც ხელთ იგდეს. ალი ბეგმა სასწრაფოდ უხმო დიდ ბეგებს, ფირმანის შინაარსი გააცნო და სიტყვითაც მიმართა:

სტამბულში სურთ, რომ თავი მომჭრან. მე რომ მომკლავენ, თქვენი თავებიც ძირს გაგორდება. მაშ, დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი სიცოცხლე, ეგვიპტე... ამაზე უკეთესი შემთხვევა ჩვენ არასოდეს გვექნება, რომ დავამხოთ ეს უღელიო.

მამლუქთა ბეგების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ალი ბეგს, პირამიდების ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, ხოლო ოსმალო ფაშას ორი დღის ვადა მისცეს ეგვიპტის დასატოვებლად.
იცოდა ალი ბეგმა, რომ სულთანი უპასუხოდ არ დატოვებდა ამ გამოწვევას. ამიტომ მოკავშირე მოძებნა — ზაჰირი, ქალაქ აკრის ბატონი.
ზაჰირმა 9 ათასი მეომარი გაიყვანა დამასკოს ფაშა ოსმანის ჯარის წინააღმდეგ, რომელიც ეგვიპტეში ალი ბეგის დასასჯელად მიემართებოდა და ტიბერიატის ტბასთან სასტიკად დაამარცხა. შემდგომ ამისა ალი ბეგმა და ზაჰირმა ერთობლივად ილაშქრეს სირია-პალესტინაში და დიდი დარტმა მიაყენეს ოსმალებს.
ალი ბეგის ქართველმა სარდლებმა − ისმაილ ბეგმა და ჰასან ბეგმა ექვს თვეში დაიპყრეს ჰიჯაზი (არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე ოლქები), გარდა ამისა, დიდი გურჯის ხელში გადავიდა მუსლიმთა წმინდა ქალაქები მექა და მედინა. მექის მმართველმა მოწიწების ნიშნად პირველმა უწოდა „ეგვიპტის დიდი სულთანი და ორივე ზღვის მბრძანებელი“ ალი ბეგს, რომელმაც 1771 წელს სირიის უდიდესი ქალაქი დამასკიც აიღო.
ოსმალეთის იმპერიის კრახი გარდაუვალი ჩანდა და ხონთქარმაც ნაცად ხერხს მიმართა, თავისკენ გადაიბირა ალი ბეგის სიძე, მისი მარჯვენა ხელი, ასევე ქართველი მუჰამედ აბუ-ზ-აჰაბი, რომელმაც აჯანყება წამოიწყო სიმამრის წინააღმდეგ.
ალი ბეგმა მალევე შეიტყო სიძის მოღალატეობის ამბავი, მაგრამ ბოლომდე ვერ გაწირა თავისი გაზრდილი ბიჭი — ქალაქის კარები გადაუკეტა და შეიპყრო, მაგრამ სიკვდილით ვერ დასაჯა, უვნებლად გაუშვა კაიროდან.
შეწყალებული მოღალატე მომხრეებთან ერთად პალესტინაში გაიქცა და იქ განაგრძო სიმამრის წინააღმდეგ ქსელის ხლართვა. თბილისელი მურად ბეგი დაიახლოვა და გადაიბირა, რომელსაც ალი ბეგის ულამაზეს ცოლზე — სეტი ნეფისეზე სჭერია თვალი.
გადამწყვეტი ბრძოლა 1773 წლის 22 აპრილს გაიმართა სალიჰიესთან. ეგვიპტის სულთან ალი ბეგს ორიოდე ერთგული ბეგიღა შემორჩენოდა გვერდით, ამიტომაც იოლად დაამარცხა მუჰამედმა.
და როდესაც მძიმედ დაჭრილი, სიკვდილის პირზე მყოფი ალი ბეგი აბუ-ზ-აჰაბის კარავში შეუყვანიათ, შვილობილსა და სიძეს თავი ვეღარ შეუკავებია, ქალივით აქვითინებულა მომაკვდავი გამზრდელის წინაშე...
ყველა ახალი ამბავი
0