როგორ მიდის ევროპაში გაზის ტრანსპორტირების პროექტზე მუშაობა - მინისტრის განმარტება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ევროპისთვის გაზის მიწოდების პროექტის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯია საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეფასება, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით ენერგეტიკული პროექტის განხორციელების საკითხი თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს განიხილეს. მოგვიანებით ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა ევროპის ენერგომომარაგების ალტერნატიული წყაროების მნიშვნელობაზე.

„მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როდესაც ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, როდესაც ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე, ეს პროექტი იქნება განსაკუთრებით აქტუალური“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ენერგეტიკული პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს საქართველოს ტერიტორიისა და შავი ზღვის გავლით თხევადი სახით რუმინეთში, საიდანაც ენერგომატარებელი შევა უნგრეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.
მინისტრის თქმით, ალიევის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ დაიგეგმა კონკრეტული სამუშაო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ორშაბათს ეკონომიკის სამინისტროში შესაბამისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის სრული შეფასება განხორციელდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება ერთ დღეში და თუნდაც ერთ წელიწადში, ყველაფერი ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს.
მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის შესწავლა მოხდება, გაირკვევა, რა შეიძლება გაუმჯობესდეს და რა ბიუჯეტია საჭირო. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება პროექტის განხორციელების ვადებზე საუბარი.
„პირველ რიგში, უნდა გვქონდეს სრული სურათი, რათა მოხდეს შეფასება, შემდეგ ჩამოყალიბდეს დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც დაევალება სამუშაო ჯგუფებს. ჩვენ თანდათან დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას, მათ შორის ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ქართული მხრიდან პროექტში ნავთობისა და გაზის კორპორაციაა ჩართული, აზერბაიჯანული მხრიდან კი სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar ჩაერთვება.
ყველა ახალი ამბავი
0