რატომ უნდა ამოიდოთ ძილის დროს ბალიში მუხლებშუა: ექიმები ასახელებენ შვიდ მიზეზს

© Pixabay / manbob86ბალიშები საწოლში
ბალიშები საწოლში - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ კომფორტულადაც ეძინოს და არც ხერხემალს მიაყენოს ზიანი? თურმე არსებობს ფრიად ორიგინალური და ეფექტური გზა...
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ჯანსაღი ძილი უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, მისი ხარისხი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, საძინებელში ტემპერატურაზე, ადეკვატურ ჩაბნელებასა და სიჩუმეზე, ლეიბის ხარისხზე და ასევე იმაზეც, თუ რამდენად კომფორტული საღამური აცვია ადამიანს, აცხადებენ მედიკოსები.
მათი თქმით, ძილის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არასწორი პოზაც, რაც ზურგის ტკივილებს იწვევს და რაც ძალზე გავრცელებული პრობლემაა.
სპეციალისტების თქმით, ადამიანები ძილისთვის ყველაზე ხშირად ემბრიონის პოზას, ანუ გვერდზე წოლას ირჩევენ, რა დროსაც თავი წინაა გადახრილი, ზურგი – მომრგვალებული, ფეხები კი მუხლებშია მოხრილი და მკერდისკენ აწეული. ასეთ პოზაში ბევრი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ ყველაფერი, რაც კომფორტულია, სასარგებლო ვერ იქნება.
კიდევ ერთი გავრცელებული პოზა — მუცელზე წოლაა, რაც კიდევ უფრო უარესია. ასეთ მდგომარეობაში ძილი იწვევს ხერხემლის დაავადებებს, უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე.
მაშ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ კომფორტულადაც ეძინოს და არც საკუთარ ხერხემალს მიაყენოს ზიანი? საამისოდ არსებობს ფრიად ორიგინალური და ეფექტური გზა — ეს მუხლებს შორის ბალიშის ამოდებაა.
თუ რატომ უნდა მიეჩვოთ ასე ძილს და რა უპირატესობები აქვს ამგვარ პოზას, ამაზე რამდენიმე ექსპერტული მოსაზრებები არსებობს, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ.

მაშ ასე, მუხლებშუა ბალიშამოდებული ძილი:

სხეულს კომფორტულ მდგომარეობას სძენს, ამცირებს წნევას და კუნთების დაძაბულობას. ამასთან, განტვირთავს ხერხემლის ქვედა ნაწილს და, შესაბამისად, ადამიანი დილით კარგად გამოძინებული და დასვენებული იღვიძებს;
ამცირებს ტკივილს წელის არეში, კუნთების სპაზმებს, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას და საჯდომი ნერვის ნევრალგიას;
წელი ნეიტრალურ მდგომარეობას ინარჩუნებს; ანუ, ის არც მთლად სწორ მდგომარეობაშია და არც ძალიან მოხრილი, ვინაიდან ზემოდან მოქცეული ფეხი ქვემოთას არ აწვება;
თავიდან აგაცილებთ ბარძაყისა და მენჯის ტრიალს, რაც ხერხემალს ამრუდებს და რაც ბუნებრივად ხდება დღის განმავლობაში;
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ვინაიდან ამ დროს ღრუ ვენას არაფერი აწვება, რომელსაც სისხლი გულში შეაქვს და გამოაქვს;
იდეალურია ორსული ქალებისთვის, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ სწორ მდგომარეობას უზრუნველყოფს, კუნთებსა და მყესებსაც ასვენებს;
აღკვეთს ძილის აპნოეს, ანუ საშიშ დაავადებას, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. ამ დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომი ხვრინვაა. მუხლებს შორის ამოდებული ბალიში კი სასუნთქ გზებს ბევრად სტაბილურ მდგომარეობაში აჩერებს, ხერხემალიც სწორ პოზაშია, არ ჩნდება ტკივილი კისრისა და ზურგის არეში, რაც აპნოეს რისკს ამცირებს.
იმისათვის, რომ ამ მეთოდმა ადეკვატური შედეგი მოქცეთ, საჭიროა გაითვალისწინოთ ორი რამ.
1.
ბალიში არ უნდა იყოს ძალიან თხელი და ძალიან რბილი, რათა მუხლები ძალიან არ მიუახლოვდეს ერთმანეთს — ანუ მათ შორის გარკვეული მანძილი უნდა იყოს;
2.
გვერდულად ძილისას ბალიში ისე უნდა დაიდოთ ფეხებშუა, რომ ბარძაყის ზედა ნაწილიც ოდნავ აწეული იყოს.
თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამგვარი პოზა ყველაზე მეტად დაავადებული ხერხემლისთვისაა მოსახერხებელი და შესაძლოა ყველას არ მოეწონოს. ამიტომ თუ შეჩვევა გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ ბალიში მუხლებშუა კი არა, მათ ქვემოთ ამოიდოთ და ზურგზე დაწვეთ. ხერხემალზე დატვირთვას ასეთი პოზაც ამსუბუქებს.

საგანგებო გაფრთხილება

ექიმების თქმით, გვერდულად მუხლებშუა ამოდებული ბალიშით წოლას კონკრეტული უკუჩვენებები არ აქვს. ამიტომ ასეთ პოზაში ძილი ნებისმიერს შეუძლია.
თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მათ, ვისაც ზურგის ორივე მხარისა და ბარძაყების ტკივილი აწუხებს, სიფრთხილის გამოჩენა მართებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა სიმპტომები გამძაფრდეს.
ყველა ახალი ამბავი
0