როგორ დავძლიოთ ნოემბრის სევდა: 9 სწრაფი და მარტივი ნაბიჯი

© Pixabay / GLadyშემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
ნოემბრის ერთფეროვნებისა და მოწყენილობა-სევდიანობის დამარცხება ადვილია, თუ ადამიანი საკუთარ ორგანიზმს ყურს დაუგდებს, მიაჩნიათ ფსიქოლოგებს.
მათი თქმით, წლის ყველაზე ნაცრისფერ და ნაღვლიან პერიოდად სწორედ გვიანი შემოდგომა, ანუ ნოემბერი მიიჩნევა. ამ დროს ყველაზე ხშირად იჩენს თავს დეპრესიები და ფსიქოლოგიური პრობლემები. თუმცა ამ ყველაფერთან გამკლავება იოლად შეიძლება, თუ სპეციალიტების რჩევებს გაითვალისწინებთ.
ეს საკმაოდ მარტივი რჩევებია, რომლებიც სიმხნევესა და ენერგიასაც შეგმატებთ და განწყობასაც გაგიუმჯობესებთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, ფსიქოლოგიური ბალანსის დარღვევამ, ყოველდღიურმა სტრესებმა შინაგანი რესურსებისგან „დაგცალოთ“ და ფსიქოლოგიურად გამოგფიტოთ.
იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, აუცილებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური დასვენება, ისეთი ელემენტარული რაღაცებით ტკბობის სწავლა, როგორებიცაა: ახალი დღე, გემრიელი ყავა, კარგი ფილმის ყურება, საყვარელი მელოდიის მოსმენა და ა.შ.
ამასთან კარგი იქნება, თუ სიტუაციასაც შეიცვლით და თქვენს გარემოცვასაც გადახედავთ. შესაძლოა თქვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებთანაც ხშირად მოგდით კონფლიქტები, ან რომლებიც გთრგუნავენ და მანიპულირებენ თქვენით.
მაგრამ თუ გრძნობთ, რომ სევდა სწორედ ახლა, ამ მომენტში გღრღნით, ქვემოთ შემოთავაზებულ 9 სწრაფ და იოლ ხერხს შეგიძლიათ მიმართოთ, რომლებიც მალევე აგიმაღლებთ გუნება-განწყობას.
1.
ჩაიცვით ლამაზი და კაშკაშა ფერის ტანსაცმელი. სარკეში დანახული ანარეკლი, რომელიც მოგეწონებათ, თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ და კარგ გუნებაზეც დაგაყენებთ;
2.
გაერთეთ თავსატეხის ამოხსნით ან ააწყვეთ ფაზლი. ამით: ა) გათავისუფლდებით მძიმე აზრებისგან; ბ) მათი ამოხსნით მოგვრილი სიამოვნება, ესოდენ მცირე გამარჯვებაც კი, გაგამხიარულებთ.
3.
მიირთვით შოკოლადი — ეს ყველაზე სწრაფი გზაა დოფამინის დონის ასამაღლებლად და განწყობის გასაუმჯობესებლად;
4.
გასწორდით წელში — დიახ, არ გეჩვენებათ! კარგი განწყობისთვის გამართულ პოზას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ფსიქიკას მიაჩნია, რომ თუ ადამიანი წელგამართული დგას და იღიმება, ე.ი. ყველაფერი კარგადაა.
5.
დაეხმარეთ ვინმეს რამეში — სხვათა მიმართ გამოჩენილი გულისხმიერება ყოველთვის ამხნევებს და კმაყოფილებას ჰგვრის ადამიანს;
6.
დახატეთ თქვენი პრობლემა — დაიწყეთ იმის დახატვა, რაც თავში მოგივათ. მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ეს და რა ფერის. მთავარია, საკუთარი განწყობა გამოხატოთ;
7.
შეიკავეთ სუნთქვა — ასეთი დაყოვნების შემდეგ უფრო სწრაფად შეძლებთ სწორ სუნთქვაზე კონცენტრირებას. კონცენტრირებული სუნთქვა კი არტერიულ წნევას აქვეითებს და გონებას ამშვიდებს;
8.
დაათვალიერეთ ფოტოები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად — ნოსტალგია დაგეხმარებათ, რომ კარგ ამბებზე ფოკუსირდეთ;
9.
ჩაეხუტეთ ახლობლებს — ჩახუტებისას გამომუშავდება ოქსიტოცინი, ბედნიერების ჰორმონი. შესაბამისად, ადამიანი ხდება უფრო ბედნიერი და, სხვათა შორის, იმუნიტეტიც უძლიერდება.
ფსიქოლოგების თქმით, ეს მეთოდები შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ პროფილაქტიკისთვის. ამასთან ცუდი არ იქნება, თუ საკუთარ ორგანიზმზე და ფსიქიკაზე დაკვირვებით საკუთარ მეთოდებსაც შეიმუშავებთ.
ყველა ახალი ამბავი
0