სასარგებლოც და მავნეც: ლიმონის 10 სერიოზული უკუჩვენება

© Pixabay / analogicusლიმონი
ლიმონი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ლიმონი შესანიშნავი და ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუმცა ზოგ შემთხვევაში ის შესაძლოა საზიანოც გამოდგეს, წერს გამოცემა Ensonhaber სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, საშუალო ზომის ლიმონი C ვიტამინის ყოველდღიური მოთხოვნილების 40%-ს უზრუნველყოფს ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში, არის ძალიან დაბალკალორიული და შეიცავს ნახშირწყლების უმცირეს რაოდენობას. ეს ციტრუსი ასევე არის ფოლიუმის მჟავისა და კალიუმის შესანიშნავი წყარო.
ლიმონი ცნობილია C ვიტამინის მაღალი შემცველობით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ის ასევე იცავს ანტივირუსული ნივთიერებების წარმომქმნელ იმუნურ უჯრედებს. გარდა ამისა, არის შესანიშნავი ანტიოქსიდანტი, ანეიტრალებს რა მავნე თავისუფალი რადიკალების აქტივობას.
მაგრამ ლიმონს შეუძლია გარკვეული გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია. სპეციალისტებმა ასეთი ათი უკუჩვენება ჩამოთვალეს, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ.
სხვა საინტერესო რჩევები და რეკომენდაციები შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

ლიმონის 10 სერიოზული უკუჩვენება

1.
არასაკმარისი დეფეკაცია — თუ ყოველდღიურად ძალიან ბევრ ლიმონის წვენს მიიღებთ, შესაძლოა კუჭის ტკივილი დაგეწყოთ. ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას არ შეუძლია დიდი რაოდენობით ლიმონმჟავის მონელება, რომელიც კუჭში დიდხანს დარჩება. შედეგად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი ღიზიანდება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს და ასევე ნაწლავების არასაკმარის დეფეკაციას.
2.
რეფლუქსი — ლიმონი რეფლუქსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევია. ლიმონის მჟავას შეუძლია მოადუნოს გასტროეზოფაგური სფინქტერი (ანუ კუნთი, რომელიც კუჭს საყლაპავისგან გამოყოფს) და ამით კუჭის წვენის გამომუშავება და დაზიანებული საყლაპავის გაღიზიანება გაზარდოს. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს რეფლუქსის სიმპტომები, მათ შორის გულძმარვა, ღებინება, გულ-მკერდის ტკივილი, ყელის ტკივილი და სხვა.
3.
რკინის შეწოვის დაჩქარება — ლიმონის გადაჭარბებული მოხმარება ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აჩქარებს რკინის შეწოვას. შედეგად, ორგანიზმში შესაძლოა რკინის იმაზე მეტი რაოდენობა დაგროვდეს, ვიდრე უნდა იყოს. ეს შესაძლოა ჰემოქრომატოზის მიზეზიც გახდეს.
4.
წყლული — ლიმონის გადაჭარბებული მოხმარება ასტიმულირებს მჟავას გამომუშავებას, რომელიც ანადგურებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შიდა კედელს და იწვევს წყლულებს.
5.
ქვები თირკმელებში — ლიმონის კანი შეიცავს უამრავ ოქსალატს. ეს ნივთიერებები ორგანიზმში კრისტალდება და არ შეიწოვება. შედეგად ისინი თირკმელებში მკვრივდება და ქვების წარმოქმნას იწვევს.
6.
ხშირი შარდვა — ლიმონის მჟავიანობა ნაწილობრივ განპირობებულია C ვიტამინის მაღალი კონცენტრაციით. ეს უაღრესად სასარგებლო და მნიშვნელოვანი ვიტამინი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა. ლიმონის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს შარდვის სურვილი.
7.
შაკიკი და თავის ტკივილი — კვლევები აჩვენებს, რომ ლიმონი ხშირად იწვევს შაკიკსა და თავის ტკივილს. ციტრუსი შეიცავს ამინომჟავა ტირამინის მნიშვნელოვან რაოდენობას, რომელიც მკვეთრად ასტიმულირებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე შაკიკი და თავის ქრონიკული ტკივილები, რაც წნევასთან იქნება დაკავშირებული.
8.
პირის ღრუს პრობლემები — ლიმონის წვენს შეუძლია კბილების დაზიანება, ასევე პირის ღრუს ანთებისა და კარიესის გამოწვევა. მასში შემავალმა ლიმონმჟავამ და ასკორბინის მჟავამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს კბილის მინანქარი, რასაც კარიესი, კბილების გაუფერულება, კბილის ქსოვილის განლევა და სხვა პრობლემები მოჰყვება.
9.
მზით დამწვრობა — ლიმონის წვენი შეიძლება კანის მოსავლელადაც გამოიყენოთ, თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოერიდოთ მზის სხივებს, რათა დამწვრობა არ მიიღოთ. ეს პრობლემა უფრო ხშირად ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში გვხვდება.
10.
ხისტი და მსხვრევადი თმა — ლიმონის თმის მოსავლელად დროდადრო გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა. თუმცა ამ პროცედურის ჩატარება ძალიან ხშირად არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება თმა დააზიანოს. ლიმონის მჟავა აშრობს თავის კანს და ასუსტებს თმის ფოლიკულებს. შედეგად, თმა ხდება ხისტი, უხეში და იწყებს ცვენას.
წყარო: Ensonhaber
ყველა ახალი ამბავი
0