მოსაზრება: დსთ-ში შეზღუდული მობილიზაციის დიდი შესაძლებლობებია

© photo: Sputnik / Aleksandr Geyfman / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
დსთ-ის ქვეყნების წვევამდელებს, ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და გენერლებს შეუძლიათ კანონიერად გაწევრიანდნენ რუსული ჯარის რიგებში, ემსახურონ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას, დაიწყონ და გააგრძელონ ღირსეული სამხედრო კარიერა.
რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება არ სცდება ნაციონალური შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ისტორიული ტრადიციების, საერთაშორისო სამართლისა და მსოფლიო პრაქტიკის ფარგლებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 14 ნოემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უცხოელი მოქალაქეებისთვის რუსეთის ჯარში სამხედრო სამსახურის გავლის წესში ცვლილებებს ითვალისწინებს. დოკუმენტი უშვებს და არეგულირებს უცხოელების ჯარში სამსახურს გაწვევით და კონტრაქტით – ჯარისკაცებად, მეზღვაურებად, სერჟანტებად, ზემდეგებად, მიჩმანებად და ოფიცრებად. მანამდე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლოთ რუსულ ჯარში ემსახურათ მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე – ჯარისკაცებისა (მეზღვაურების) და სერჟანტების (ზემდეგების) პოზიციებზე.
ამგვარად, უმაღლესი სამხედრო განათლების ან აუცილებელი სპეციალური მომზადების მქონე უცხოელებს უჩნდებათ შესაძლებლობა, დაიწყონ ცხოვრება რუსეთში, მიიღონ ღირსეული ფულადი ანაზღაურება და სოციალური გარანტიები, აიწყონ სამხედრო კარიერა სამსახურში დაწინაურების შეზღუდვის გარეშე. რასაკვირველია, რუსულ ჯარს არ სჭირდება კანონდამრღვევები. სამხედროები შეირჩევიან სამედიცინო მაჩვენებლების საფუძველზე.
შესაძლებლობების სპექტრი საკმაოდ ფართოა. ჰიპოთეტურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოინახებოდა ადგილი ამერიკელი მრავალვარსკვლავიანი გენერლის მარკ მილისთვისაც კი. პრეზიდენტის განკარგულება, პრაქტიკულად, გათვლილია „შეზღუდულ მობილიზაციაზე“ კვალიფიციური სამხედრო სპეციალისტებისთვის დსთ-ის ქვეყნებიდან, რომელთაც სწრაფად შეუძლიათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირება. უმაღლესი განათლება რუსეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში გასული სამი ათწლეულის განმავლობაში მიიღო მრავალმა ათასმა ოფიცერმა, რომელიც დღეს პოსტსაბჭოურ სივრცეში მსახურობს.
30 სექტემბერს ხელი მოეწერა განკარგულებას, რომელიც ამარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას უცხოელებისთვის, რომლებსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთწლიანი ან უფრო გრძელვადიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. გრძელდება ისტორიული ტრადიცია, რომელსაც საფუძველი პეტრე პირველმა ჩაუყარა – თანამედროვე ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზის ფორმირება რუსეთის არმიაში ახალი ბერინგების, კლაუზევიცების, ხმელნიცკების გამოსაჩენად. რუს გენერალ ივან ზაბოროვსკის 1788 წელს უარი რომ არ ეთქვა სამსახურში არტილერიის უმცროსი ლეიტენანტის ნაპოლეონ ბონაპარტის მიღებაზე, ევროპის ისტორია სხვაგვარად განვითარდებოდა.

Welcome რუსულ ჯარში

სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ანდრეი კრასოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგრძნობლად გაზრდის რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას და დააინტერესებს პოსტსაბჭოური სივრცის, უპირველეს ყოვლისა, ცენტრალური აზიის არაერთ მცხოვრებს.
რუსეთში სამხედრო სამსახურისთვის ანაზღაურება ღირსეულია – სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსი რიგითის ანაზღაურება თვეში დაახლოებით 200 ათასი რუბლია (3300 დოლარის ეკვივალენტი), ამას გარდა, მათ ერთჯერადად ეძლევათ 195 ათასი რუბლი.

მთავარი კითხვა - რისთვისაა ეს საჭირო?

უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია აჩენს რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი შემადგენლობის გადახედვის საჭიროებას. თანამედროვე „უკონტაქტო“ ომი მაინც ითხოვს სპეციალისტების გარკვეულ რაოდენობას მოწინავე ხაზზე, მეორე ეშელონში და ზურგში. თუ მშვიდობიან დროს რუსეთის მილიონიანი არმია საკმარისი იყო ნაციონალური უსაფრთხოების დასაცავად, სპეცოპერაციის ფორმატში მომწიფდა საჯარისო დაჯგუფების 300 ათასი კაცით გაზრდის საკითხი. მომავალში, შესაძლოა, ოპერატიულმა ვითარებამ მეტი მოითხოვოს. რუსეთი იძულებულია დასახულ მიზნებს სამხედრო საშუალებებით მიაღწიოს. ახლო მომავალში მშვიდობიანი მოლაპარაკებების პერსპექტივა არ ჩანს. აშშ და ნატო ახალისებენ და აჭიანურებენ კონფლიქტს უკრაინაში.
რასაკვირველია, ჯარის რიცხობრივ ზრდას თან უნდა ახლდეს ტექნოლოგიურად სრულყოფილი შეიარაღების ინტენსიური შევსება. ეკონომიკისა და შეიარაღების საწარმოების მობილიზაცია – ბრძოლის ველზე რუსული ჯარის დომინირების პრობლემის მეორე მხარეა.
მობილიზაცია საშუალებას იძლევა, სრულად დაკომპლექტდეს დანაყოფები რიგითი შემადგენლობით. სამეთაურო საკითხი უფრო რთული მოსაგვარებელია. რუსულ ჯარში კვალიფიციური უცხოელი სამხედრო სპეციალისტების მოზიდვა სასარგებლო ნაბიჯია, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-შვედეთის ომებში მე-18–მე-19 საუკუნეებში.
ნაციონალური შეიარაღებული ძალების უცხოელებით დაკომპლექტების გზას დღემდე მიმართავს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. ბრიტანულ ჯარში 200 წელზე მეტია იყენებენ ეთნიკური ნეპალელებისგან დაკომპლექტებულ დანაყოფებს. საფრანგეთის უცხოური ლეგიონი მოქმედებს 1831 წლიდან. ვატიკანის შვეიცარიული გვარდია - 1506 წლიდან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0