მანდარინის სარგებელი, ზიანი და დასაშვები დღიური რაოდენობა: ექიმების რჩევა
17:01 16.11.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
© photo: Sputnik / Stringerმანდარინი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
დიეტოლოგები მანდარინის მიღებას დილიდან საღამოს 5 საათამდე გვირჩევენ, თუმცა გვაფრთხილებენ, რომ მისი უზმოზე ჭამა არ შეიძლება.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მანდარინი ძალიან სასარგებლო ხილია, მას შეუძლია გააძლიეროს იმუნიტეტი, გამოდევნოს ტოქსინები ორგანიზმიდან და გააუმჯობესოს გუნება-განწყობა. თუმცა იმისათვის, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს, გარკვეული ზომების დაცვაა საჭირო, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, მანდარინის საშუალო დღიური დოზა ოთხი ცალია. შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ ის, მაგრამ არა დიდი რაოდენობით და თანაც იმ შემთხვევაში, თუ რაიმე უკუჩვენება — ინდივიდუალური აუტანლობა ან ალერგიული რეაქციები არ გაქვთ ციტრუსებზე.
ამასთან დიეტოლოგები მანდარინის მიღებას დილიდან საღამოს 5 საათამდე გვირჩევენ, თუმცა გვაფრთხილებენ, რომ მისი უზმოზე ჭამა არ შეიძლება.
ექიმები თანხმდებიან, რომ უჯრედისით ძალიან მდიდარი მანდარინის ზედმეტმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:
ალერგიული რეაქციების განვითარება,
მუცლის შებერილობა,
კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
როგორც ექიმები ამბობენ, ზამთარში ადამიანის ორგანიზმს, როგორც წესი, ვიტამინები აკლდება, ამიტომ დაბალკალორიული, თუმცა ვიტამინებით მდიდარი (მათ შორის, C ვიტამინით) მანდარინის მიღება შესანიშნავი გამოსავალია.
მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში მანდარინი მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე: გამოაძევებს ტოქსინებს ორგანიზმიდან, გააძლიერებს იმუნიტეტს და გააუმჯობესებს გუნება-განწყობას.
გამომდინარე იქიდან, რომ მანდარინის სეზონი ახლოვდება და თანაც ეს ხილი ბევრს უყვარს, ქვემოთ გასტროენტეროლოგის რჩევებსა და რეკომენდაციებს გაგაცნობთ . ეს რეკომენდაციები უბრალოდ საინტერესო კი არ არის, არამედ აუცილებლად გასათვალისწინებელიცაა.
რამდენიმე უმთავრესი ფაქტი მანდარინის შესახებ
მოზრდილებისთვის რეკომენდებულია დღეში 4-6 ცალი მანდარინის მიღება, ბავშვებისთვის – დღეში 2 ცალი;
ჭამამდე მანდარინი აუცილებლად უნდა გაირეცხოს თბილ წყალში, ვინაიდან ის შეიძლება მავნე ნივთიერებებით იყოს დამუშავებული ხანგრძლივი შენახვის მიზნით;
მანადარინი C ვიტამინის წყაროა და მისმა მაღალმა კონცენტრაციამ ორგანიზმში, შესაძლოა, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს;
ხილის შემადგენლობაში შემავალი მჟავების გამო მანდარინის უზმოზე მიღება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის გაღიზიანება, რასაც მოჰყვება დისკომფორტი მუცელში, გულძმარვა;
ამავე მიზეზით არ არის სასურველი მანდარინის მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული პათოლოგიების (გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება) დროს, რათა არ მოხდეს დაავადების გამწვავების პროვოცირება;
სასურველი არ არის ციტრუსების, კერძოდ, მანდარინის სხვა ტკბილეულთან შერევა, განსაკუთრებით, შოკოლადთან. ასეთი „კოქტეილი“ ზედმეტად ტვირთავს პანკრეასს და შესაძლოა ამას გულისრევა, ღებინება, ცხელება მოჰყვეს. ამიტომ ამ ორი გემრიელი პროდუქტის მიღებას შორის მინიმუმ ერთსაათიანი შუალედი უნდა დავიცვათ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა არა მარტო მანდარინის გული, არამედ მისი ქერქიც, რომელიც ორგანულ მჟავებს, პექტინებს, ანტიოქსიდანტებს, ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს და ფლავონოიდებს შეიცავს. სწორედ ამიტომ ქერქის გადაყრა ნამდვილად არ ღირს.
მანდარინის ქერქის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგი დაავადებებისას:
მეტეორიზმის, დისბაქტერიოზის დროს: მანდარინის გამომშრალი ქერქი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ ხაჭოს, ფაფას ან სხვა კერძებს — 1 ჩაის კოვზი ერთ ულუფაზე;
ბრონქიტის დროს: 2 სუფრის კოვზ მანდარინის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით და დააყოვნეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათის განმავლობაში. მიღების წინ შეათბეთ. სვით ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.
მშრალი ხველების დროს: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა არაყი, გააჩერეთ ერთი კვირა ბნელ ადგილზე. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ. პროპორცია: 20 წვეთი ნაყენი გაზავებული ერთ ჭიქა წყალში.
გაციების, გრიპის, ხველების დროს: გაიკეთეთ ინჰალაცია. მანდარინის წვრილად დაქუცმაცებული ქერქი ჩაყარეთ ვიწროყელიან ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი. ისუნთქეთ ორთქლზე 10-12 წუთი. პროცედურის შემდეგ ერთი საათი არ გახვიდეთ სიცივეში.
ფრჩხილის სოკოს დროს: წაისვით მანდარინის ქერქი დაზიანებულ ადგილებზე დღეში ორჯერ.
დაღლილობის, ნერვული დაძაბულობის, სტრესის დროს: წვრილად დაქუცმაცებული ქერქი ჩაყარეთ ბამბის ქსოვილის პატარა ტომარაში (10×7 სმ) და შეინახეთ პოლიეთილენის პაკეტში. აუცილებლობის დროს ამოიღეთ პაკეტიდან და შეისუნთქეთ მისი არომატი 15 წუთის განმავლობაში.
უძილობის, ნერვული დაძაბულობის, მომატებული არტერიული წნევისა და გულისცემის დროს: 1 ჭიქა მანდარინის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ერთი საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. გადაწურეთ და გამოწურეთ დარჩენილი მასა. ნაყენი ჩაასხით აბაზანაში. მიიღეთ თბილი აბაზანა (37-38 გრადუსი) 15 წუთის განმავლობაში, დაძინებამდე 1 საათით ადრე, დღეგამოშვებით.