მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანჯეი დუდა: ვინ გაუშვა რაკეტა - არ ვიცით, მაგრამ ის, დიდი ალბათობით, რუსული წარმოებისაა

© AFP 2024 / MATEUSZ SLODKOWSKIანჯეი დუდა
ანჯეი დუდა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ჩვენ არ გვაქვს მკაფიო მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.

„ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რომ რუსული სარაკეტო შეტევა მთელი დღე გრძელდებოდა, მაგრამ მკაფიო მტკიცებულებები, თუ კონკრეტულად ვინ გაუშვა რაკეტა, არ გაგვაჩნია. დიდი ალბათობით, ეს რუსული წარმოების რაკეტა იყო, თუმცა გამოძიება ისევ გრძელდება“, — განუცხადა დუდამ ჟურნალისტებს.

პრეზიდენტის თქმით, მან უკვე ჩაატარა მთელი რიგი საერთაშორისო კონსულტაციები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
„[ბაიდენმა] დამარწმუნა, რომ სამოკავშირეო ვალდებულებები შესრულდება. მან გარკვევით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სრულად ინარჩუნებს კავშირებს და ჩვენ გვერდითაა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ყველა ნორმა და სამოკავშირეო ვალდებულებები ძალაში რჩება. შეერთებული შტატები ჩვენთან ერთად დგას პოლონეთისა და მთელი ალიანსის უსაფრთხოების სადარაჯოზე“, — აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ ვაშინგტონმა ვარშავას ამერიკელი ექსპერტების გაგზავნა შესთავაზა უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ პრჟევოდუვში შემთხვევის ადგილის შესასწავლად, სადაც 15 ნოემბერს რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.
მომხდარის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ სასწრაფოდ მოიწვია ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ქვეყნის ზოგიერთი სამხედრო ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა გადაწყდა. გარდა ამისა, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „არანაირი კავშირი არ აქვს“ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნასთან. როგორც უწყებაში ამბობენ, განცხადებები რუსული რაკეტების შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსული იარაღით არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0