რით გვემუქრება ტეფლონის ტაფაზე ერთი განაკაწრიც კი: მეცნიერები გვაფრთხილებენ

© Pixabay / Engin_Akyurtტაფა
ტაფა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ვინც კერძებს ტეფლონის საფარიან ქვაბებსა და ტაფებზე ამზადებს, კარგად იცის, რომ ასეთი ჭურჭელი იოლად იკაწრება და ზიანდება. ამაში სიახლე არაფერია, მაგრამ ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ დაზიანებული ტეფლონის ზედაპირი იმაზე მეტად საშიშია, ვიდრე წარმოგვიდგენია, წერს პორტალი EatThis სამეცნიერო ჟურნალ Science of The Total Environment-ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაზე დაყრდნობით.
როგორც ნიუ-კასლის უნივერსიტეტისა და ფლინდერსის უნივერსიტეტის სწავლულთა კვლევამ აჩვენა, ტეფლონის ზედაპირიანი ტაფის თითოეული გაკაწვრისას პლასტმასის ათასობით ნაწილაკი გამოიყოფა. მართალია, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ამისი გავლენის შესწავლისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, თუმცა მათი დასკვნები სრულიად საკმარისი იმაში გასარკვევად, რას უნდა ველოდოთ ტეფლონის ჭურჭელში კერძების მომზადებისას.
როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, ტეფლონის პოლიმერის ნაწილაკებისა და მიკრონაწილაკების მიგნება უფრო რთულია, ვიდრე პლასტმასის სხვა ტიპებისა. ამიტომ მათ რამანის სპექტროსკოპიის მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ძალიან დეტალურ გამოსახულებას იძლევა.
მეცნიერებმა დაკაწრული ტეფლონის უამრავი ზედაპირი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი ერთადერთხელ გაკაწვრა ან უმცირესი დაზიანებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ პლასტმასის 9 ათასზე მეტი ნაწილაკი გამოთავისუფლდეს.
მკვლევარების თქმით, მათი დასკვნა შემაშფოთებელია, ვინაიდან ტეფლონი პერფტორირებული და პოლიფტორირებული ნივთიერებების (PFAS) კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა ორგანიზმში მოხვედრაც სახიფათოა.

„ტეფლონის მიკრონაწილაკების საკვებში მოხვედრა შესაძლოა საგანგაშო იყოს ორგანიზმისთვის. ეს საკითხი დამატებით შესწავლას მოითხოვს, ვინაიდან ამ ახალ დამაბინძურებელ ნივთიერებებზე ძალიან ცოტა ვიცით“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩენ ფანი.

გარდა ამისა, PFAS-ის საშიშროებაზე იტყობინება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრიც (CDC). მისი ექსპერტების თქმით, PFAS-ი ხშირად გამოიყენება მაღალი ტემპერატურის, წყლისა და ცხიმებისგან დამცველი ზედაპირების დასამზადებლად — როგორც სამზარეულოს ჭურჭლის, ისე ტანსაცმლის, ავეჯისა და ზოგჯერ საკვების შეფუთვებისა და სხვათა წარმოებაში.
ცენტრის ექსპერტების აზრით, PFAS-ი შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან:
არ იშლება ბუნებაში;
შეუძლია ჩააღწიოს ნიადაგში და დააბინძუროს სასმელი წყაროები;
აღწევს და გროვდება თევზებსა და ცხოველებში.
CDC-ს ცნობით, ეს ნივთიერება აღმოჩენილია როგორც მდინარეებსა და ტბებში, ისე ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ორგანიზმებში.
ამასთან CDC-ს ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ფტოროპლასტის ადამიანის ჯანმრთელობაზე სახიფათო გავლენა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, ვინაიდან საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა სხვადასხვა ანალიზებიდან დადგინდა, რომ ეს ნივთიერება იწვევს:
ჰიპერტონიას ფეხმძიმეებში,
ზრდის ქოლესტერინის დონეს,
იწვევს ღვიძლის ცვლილებებს,
შესაძლოა აქვეითებდეს ვაქცინების დამცავ თვისებებს ბავშვებში.
როგორც პორტალი EatThis ხაზგასმით აღნიშნავს, ამ დროისათვის მეცნიერებს არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ ტეფლონის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ რაიმე კონკრეტული დასკვნის გასაკეთებლად. თუმცა, როგორც ნიუ-კასლისა და ფლინდერსის უნივერსიტეტების კვლევა აჩვენებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს.
და სანამ დამატებითი კვლევები ჩატარებულა და საბოლოო პასუხი მიგვიღია, პორტალი გვიჩევს – თუ საშუალება გვაქვს, შევცვალოთ დაკაწრული და დაზიანებული ტეფლონის ჭურჭელი ახლით, ან სულაც თუჯის ქვაბებსა და ტაფებზე გადავიდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0