ამბავი ქართველი რაინდებისა, ანუ „ვინცა მოკვდეს მეფეთათვის“

© Pexels / Pixabay
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
საქართველოს ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს „უბრალო მოკვდავთაგან“ მეფეთათვის თავის გაწირვისა, ერთგული მსახურებისა და ქვეყნისა და მამულისათვის სისხლის დათხევისა.
დღეს ორ თავგანწირულ ქართველს გაგაცნობთ — ხურსისძეთა გვარის ფუძემდებელ დიდ ერისთავ ხურსისა და ერისთავ იოთამ ზედგინიძეს.
ხურსი XI საუკუნის დასაწყისის წარჩინებული ქართველი ფეოდალი, მეფე გიორგი პირველის ერისთავი გახლდათ. უმიზეზოდ შერისხა იგი მეფემ, ყველა პატივი აჰყარა და დილეგში ჩააგდო. სამი წელი გაატარა ტუსაღობაში ხურსიმ, მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლა ის მეფე გიორგიმ და ისევ დაიახლოვა. დაუნდობლად დასჯილი ერისთავიც ისევ ერთგულად ემსახურებოდა მეფეს.
როდესაც გიორგი პირველმა ბიზანტიასთან ომი წამოიწყო, ერისთავი ხურსიც თან იახლა ბრძოლებში. თავდაპირველად გამარჯვება ქართველებს დარჩათ, მაგრამ მეფემ ვერ შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა, უკან დაიხია და დიდი ტერიტორიები დაუთმო ბასილი კეისარს.
გადამწყვეტი ბრძოლა 1021 წელს გაიმართა შირიმთასთან. გახურებულ ომში ცხენი გამოუკლეს მეფე გიორგის. სასწრაფოდ სხვა მიჰგვარეს მხლებლებმა. და როდესაც მეფე ცხენზე ჯდებოდა, სწორედ მაშინ ესროლეს ისარი. მეფემ ვერც მსროლელი შენიშნა და ვერც მისკენ ნატყორცნი ისარი, მაგრამ ფხიზლად იყო ხურსი ერისთავი — არც დაფიქრებულა, უყოყმანოდ მთელი ტანით გადაეფარა მეფეს, საკუთარი მკერდით შეაჩერა მეფისკენ დაძრული უეჭველი სიკვდილი.
თითქოს უცნაურია, რომ დაუმსახურებლად შერისხულ-დასჯილმა კაცმა სიცოცხლე შესწირა მეფეს, რომელმაც თავისუფლებაც წაართვა და ღირსებაც შეულახა. მაგრამ ასეთი ყოფილა ჭეშმარიტ მამულიშვილთა ბედისწერა — ბოლოს მაინც მეფესა და სამშობლოს სწირავენ ნაწამებ სიცოცხლეს.
* * *
ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII-ის დროს ქვეყანა რამდენიმე სამეფოდ დაქუცმაცდა და დანაწევრდა. დასავლეთ საქართველოც განუდგა მეფეს, ქართლიცა და სამცხეც. მაგრამ გიორგი მერვე საქართველოს ერთიანობის შესანარჩუნებლად ბრძოლას არ წყვეტდა და ამ ბრძოლაში უერთგულესი მამულიშვილები ედგნენ მხარში. მათ შორის – ერისთავი იოთამ ზედგინიძე.
1465 წელს მეფემ განდგომილი სამცხის ათაბაგის ყვარყვარე II-ის დასასჯელად ლაშქრობა მოაწყო, „რათა შურ აგოს ათაბაგსა“. ფარავნის ტბის ნაპირზე დასცა ბანაკი მეფემ, გაღმა ნაპირზე კი ყვარყვარე ათაბაგი დადგა სამცხელებთან ერთად.
მეფის მტრები არ იყვნენ დარწმუნებული გამარჯვებაში, ამიტომაც გიორგი მერვის ღამით მალულად მოკვლა დაგეგმეს. ბედად, სამცხელთა განზრახვა დროულად შეიტყო იოთამ ზედგინიძემ და ყველაფერი მეფეს ამცნო.
სასაცილოდ არ ეყო მეფე გიორგის შეთქმულების ამბავი, ყველაფერი ერთგული ერისთავის ზედმეტ სიფხიზლეს მიაწერა. დაჟინებით ცდილობდა იოთამი მეფის დარწმუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გიორგი მერვე რაინდული ბუნების კაცი იყო და ვერ დაიჯერა ათაბაგის მუხანათობა.
მაინც არ მოეშვა იოთამი ხელმწიფეს, შესთავაზა:

„უკეთუ ვცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყვა ჩემი, აწ გევედრები, რათა არ მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე საგებელსა შინა შენსა“.

დათანხმდა მეფე იოთამის თხოვნას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ერისთავ ზედგინიძეს ავი არა ემუქრებოდა რა.
იოთამი მთელი ღამე ფხიზლობდა, კარავში მეფის მოღალატეების შეჭრას ელოდებოდა, მაგრამ ამაოდ. გამთენიისას დამშვიდდა, იფიქრა, რომ აღარაფერი მოხდებოდა და წასთვლიმა. მის მცველებსაც ძილმა წაართა თავი.
და თითქოს ამას ელოდნენო, მოღალატეებმა მძინარე მცველებს სათითაოდ უხმაუროდ გამოჭრეს ყელი, მეფის კარავში შეცვიდნენ და დაუნდობლად აჩეხეს მძინარე იოთამი. მერე კი, როცა ნახეს, მეფის ნაცვლად მისი ერთგული ერისთავი აეკუწათ, უკანმოუხედავად გაცვივდნენ კარვიდან და მიიმალნენ. თუმცა მაინც ვერ გადაურჩნენ მეფის რისხვას. შეთქმულები შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს...
ცხარედ დაიტირა მეფემ ერთგული დიდაზნაური. მერმე კი მისი შთამომავლებისთვის ქართლში დიდი სავარგულების ბოძება ბრძანა და ამილახვრობაც უბოძა მათ. იქიდან დაედო საფუძველი ამილახვართა სახელოვან დინასტიას, რომელმაც არაერთი ღირსეული შვილი გაუზარდა ქვეყანას.
ყველა ახალი ამბავი
0