მოასწარით შეძენა: საქართველოში შესაძლოა კაკლის დეფიციტი შეიქმნას

© photo: Sputnik / Stringerნიგოზი ბაზარში
ნიგოზი ბაზარში - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
კაკლის შიდა მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ ის სრულად ვეღარ დავაკმაყოფილეთ, განაცხადა კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს კაკალზე მოთხოვნა გაიზარდა – მოსავლის 95% გაყიდულია და დეკემბრის დასაწყისში ადგილობრივ ბაზარზე ქართული მოსავალი აღარ იქნება, განაცხადა ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლერი ტაბატაძემ.

„იმდენად გაზრდილია შიდა მოხმარება, რომ ბოლომდე ვერ დავაკმაყოფილეთ, შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ბაზარზე ქართული მოსავალი აღარ იქნება“, – განაცხადა ტაბატაძემ ტელეარხ „TV პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, ამ დროისათვის ქართველ ფერმერებს მოსავალი პრაქტიკულად გამოელიათ. ყველაფერი იყიდეს რიტეილერებმა, რომლებიც ადრე სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტს ახორციელებდნენ.
„კაკლის 95% გაყიდულია, უფრო მეტად დარჩენილია ნიგვზის სახით, რომელიც იმტვრევა და ნელ-ნელა შემოდის ბაზარზე“, – აღნიშნა მან.
საქართველოში კაკლის წარმოება წლიდან წლამდე იზრდება. სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული კაკლის ბაღები მსხმოიარობაში შევიდა. 5,5 ათასი ჰა საერთო ფართობის ახალი ბაღების დაახლოებით 98%-ზე ამერიკული ჯიში „ჩენდლერია“ დარგული.

„რეალურად საქართველოში გაშენებული ჩენდლერის ჯიშის ბაღები არის ძალიან მაღალი ხარისხის და ძალიან კარგ შედეგებზე გადის. შესაბამისად, რიტეილერებისთვისაც ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა ტაბატაძემ.

რიტეილერები, რომლებსაც ადრე იმპორტული კაკალი შემოჰქონდათ, გადავიდნენ ადგილობრივ ბაღებზე, რადგან ნაკლებია უხარისხო პროდუქტის მიღების რისკი, ასევე ტრანსპორტირების დრო და ხარჯებიც მცირდება.
ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ქართული კაკლის მოსავლით ძირითადად Horeca-ს სექტორია დაინტერესებული (საზკვების სეგმენტი, რომელიც იშიფრება როგორც Hotel, Restaurant, Cafe), მაგრამ მათი მთავარი მიზანი ევროპულ ბაზრებზე გასვლაა.
წელს გასატეხ კაკალზე შიდა ბაზრის ფასი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობდა (ზომის მიხედვით), ხოლო ნიგოზი 20-25 ლარი ღირდა.
კაკლის მოსავალმა, რომელმაც წელს, წინასწარი შეფასებით, 2,5 ათასი ტონა შეადგინა, საქართველოს ბაზარზე იმპორტის 90% შეიძლება ჩაანაცვლოს. გარდა ამისა, ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებს 6 თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო, რომელთა სიმძლავრეც უახლოესი ხუთი წლის მოსავლის გადამუშავებას უტოლდება.
ყველა ახალი ამბავი
0