„ქართული ოცნება": ევროკომისიის რეკომენდაციები 2022 წელს შესრულდება

© Government of Georgia ირაკლი ჩიქოვანი
 ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
დეპუტატის განცხადებით, ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშაა იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელთა შესახებ მმართველი პარტია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ელოდება.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციიდან უმეტესი ნაწილი დეკემბრისთვის შესრულებული იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გეგმა კონკრეტული თარიღებით და ამ თარიღებს მივყვებით. ამ მიმართულებით ჯერჯერობით ჩამორჩენა არ გვაქვს და დეკემბრისთვის რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებული იქნება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშაა მხოლოდ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელთა შესახებ მმართველი პარტია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ელოდება.
ამასთან, დეპუტატის განმარტებით, ვადები ასევე შეიძლება გაჭიანურდეს სახალხო დამცველის არჩევის პროცესიდან გამომდინარეც.
დეპუტატი: „ნაცმოძრაობის" ლობისტები ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას>>>
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
ყველა ახალი ამბავი
0