ეს არის აბსურდი და სიცრუე: შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringer შემოსავლების სამსახური
 შემოსავლების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული სიუჟეტი, სადაც ,,ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ საქართველოში რუსეთიდან სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უწყების დისკრედიტაციას ემსახურება, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში ამბობენ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დასახელებულია რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით გადაადგილებული ტვირთების 204 დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ნახსენები არ არის შემოსავლების სამსახურის მიერ სანქცირებული საქონლის/სანქცირებული პირის კუთვნილი საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის დეკლარირებაზე უარის თქმის 120-ზე მეტი ფაქტი.

„დღეის მონაცემებით, საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 606 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 160 შემთხვევა გამოვლინდა“, — განმარტავს შემოსავლების სამსახური.

ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ასევე სიცრუეა ბრალდება, რომ შემოსავლების სამსახურმა „საბაჟო საიდუმლოების მოტივით სრულად დაფარა იმპორტიორის და ექსპორტიორის შესახებ ინფორმაცია“.

„სამწუხაროდ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში სახელწოდებით „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება საქართველოში“ არის ტენდენციური და მასში მოყვანილი ცრუ ცნობები მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეპუტაციის შელახვას“, — ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

უწყება ლაშა ფარულავასგან მოითხოვს უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლებიც დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული ტვირთების შემოსვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში „მისი ბრალდებები ჩაითვლება როგორც უწყების, ისე შემოსავლების სამსახურის თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციის მორიგ უსუსურ მცდელობად“.
ყველა ახალი ამბავი
0