კახა კალაძემ 100 წლის პედაგოგს იუბილე მიულოცა

© Tbilisi City Hallკახა კალაძე და 100 წლის ეკატერინე ბადადგულოვა
კახა კალაძე და 100 წლის ეკატერინე ბადადგულოვა  - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
ეკატერინე ბადადგულოვა მათემატიკის მასწავლებლად 50 წლის განმავლობაში მუშაობდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილ პედაგოგს, 100 წლის ეკატერინე ბადადგულოვას შინ ეწვია და საიუბილეო თარიღი მიულოცა, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
დედაქალაქის მერმა მხცოვან იუბილარს ჯანმრთელობა უსურვა და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის.

„მინდა მოგილოცოთ 100 წლის იუბილე, რომლის უკან დგას თავდაუზოგავი შრომა. ალბათ იყო სირთულეებიც, მაგრამ არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შრომას მოაქვს შედეგი. ეს შედეგი კი თქვენ მიერ აღზრდილი არაერთი თაობაა, რომელთა ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს“, – მიმართა თბილისის მერმა იუბილარს.

ეკატერინე ბადადგულოვამ თბილისის N118 სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად 50 წელი იმუშავა, დღეს კი შვილთაშვილის განათლებაზე ზრუნავს.
როგორც ის ამბობს, „ზარმაცი მოსწავლე არ არსებობს და ყველა ბავშვს აქვს განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობა, მთავარია, პედაგოგმა მასში ეს პოტენციალი დაინახოს“.
იუბილარმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს სტუმრობისა და დაფასებისთვის და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც გაუმხილა. მისი თქმით, ეს საიდუმლო „მხოლოდ ერთია – უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ადამიანები და საქმე, რომელსაც ემსახურები“.
ყველა ახალი ამბავი
0