ელისაშვილი: დეოლიგარქიზაციის კანონი სისულელეა და ბუმერანგივით ხვდება ხაზარაძეს და სხვებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დეოლიგარქიზაციის კანონი ოპოზიციის მოგონილი სისულელეა და ის ბუმერანგია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუმიზნეს, მაგრამ მამუკა ხაზარაძეს და სხვებს ხვდებათ, აცხადებს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
მისი თქმით, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ წყლის ნაყვაა.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ეს წყლის ნაყვაა ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის მიერ მოგონილი სისულელეა. ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ისროლა, დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს და ხვდება მამუკა ხაზარაძესა და დანარჩენებს, სხვებს“, — მიაჩნია ელისაშვილს.

გარდა ამისა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი აკრიტიკებს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის იდეასაც და აცხადებს, რომ ეს საკითხიც „ფუყე და უშინაარსოა“.
„ანტიკორუფციული ბიუროს საკითხი არის წყალწყალა, ამაო ძალისხმევაა. იმიტომ აკეთებენ, რომ „პწიჩკა“ დაუსვან. რა შინაარსი აქვს ამას? ამ სამსახურმა უნდა განსაზღვროს ანტიკორუფციული პოლიტიკა, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. წარმოიდგინეთ, როგორი ფუყე და უშინაარსოა. რეალური ანტიკორუფციული სამსახური უნდა შეიქმნას, მაგრამ ეს არ იქნება, ამიტომ წყლის ნაყვას აზრი არ აქვს“, — ამბობს ელისაშვილი.
კანონპროექტის თანახმად, რომელიც დღეს მეორე მოსმენაზე გავიდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; არის საბოლოო ბენეფიციარი იმ სამეწარმეო იურიდიული პირისა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ინარჩუნებს ან აუმჯობესებს ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში; მისი აქტივებისა და სამეწარმეო იურიდიული პირების დადასტურებული თანხა, რომელთა ბენეფიციარიც არის, სჭარბობს საარსებო მინიმუმს მილიონჯერ (შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
ოპოზიცია ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს აღიარებს, ხელისუფლება კი ოლიგარქებს უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს და ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ამჟამად ტელეარხ „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული.
ყველა ახალი ამბავი
0