საქართველოში სატელევიზიო და რადიორეკლამის შემოსავალი შემცირდა

© Pixabay / StockSnapტელევიზორის პულტი
ტელევიზორის პულტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა 16,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9,3%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, შემოსავლების კლება, სავარაუდოდ, 1 მარტიდან აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით არის განპირობებული. 2021 წლის მესამე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 3,7 მლნ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 70,8% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, 17% – სპონსორობის წილია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ტელეარხების სარეკლამო შემოსავალმა დაახლოებით 15 მლნ ლარი შეადგინა, რადიომაუწყებლობების შემოსავალი კი დაახლოებით 1,4 მლნ ლარი იყო.
ტელეარხებიდან 2022 წლის მესამე კვარტალში სარეკლამო შემოსავლების მხრივ პირველ ადგილზეა ტელეკომპანია „იმედი“ 4,9 მლნ ლარის შემოსავლით, მეორე ადგილზეა „მთავარი არხი“ – 2,1 მლნ ლარი, მესამე ადგილს კი „მედია ჰოლდინგი“ (ყოფილი „რუსთავი 2") იკავებს 1,5 მლნ ლარით.
რაც შეეხება რადიოარხებს, შემოსავლებით ლიდერობს „ფორტუნა“, რომელმაც რეკლამიდან მეორე კვარტალში 740 ათასი ლარი მიიღო, მეორე ადგილზეა რადიო „იმედი“ – 126 ათასი ლარი, მესამე ადგილი კი უკავია რადიო „პალიტრას“ 89 ათასი ლარით.
ყველა ახალი ამბავი
0