საქართველოში ინსულტისა და თავის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
საქართველოში ამ დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებებს ერთი თვის განმავლობაში 6 ათასამდე პაციენტი მიმართავს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ინსულტის, ტვინისა და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს ხარჯზე სრული რეაბილიტაციის გავლას შეძლებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ცვლილებები შედის მთავრობის დადგენილებაში „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. როგორც მთავრობაში აღნიშნეს, პროგრამა პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება.

პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის ყოველთვიური ბიუჯეტი 919.250 ლარს შეადგენს. შესაბამისად, პროგრამის წლიური ბიუჯეტი 11 მილიონი ლარია.

როგორც მინისტრმა აზარაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში თვეში 6 ათასამდე ასეთი შემთხვევა ფიქსირდება.
„ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პრევენციაზე. ინსულტის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას და პაციენტს ჩვენების მიხედვით მიიყვანს კონკრეტულ კლინიკაში, სადაც მას დახმარებას ოპერატიულად გაუწევენ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 770 მლნ ლარით გაიზრდება. ეს საშუალებას მისცემს უწყებას გაზარდოს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ისე სხვა მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0