როდის უნდა დაეხუროს ბავშვს ყიფლიბანდი: პედიატრ კომაროვსკის განმარტება
15:22 10.11.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
© Pixabay / ID 2081671პატარა ბავშვი რბილი წიგნით
© Pixabay / ID 2081671
გამოწერა
ბევრი მშობელი შიშობს, რომ ახალშობილის ყიფლიბანდის ზომა თუ მისი დახურვის დრო ბავშვის გონებრივ განვითარებაზე მიანიშნებს.
ყიფლიბანდი — ახალშობილთა ქალასარქვლის ძვლებს შორის დარჩენილი გაუძვალებელი უბნებია (შუბლის, კეფის, წყვილწინა და უკანა ყიფლიბანდები), რომელთან დაკავშირებითაც ხალხში არაერთი მოსაზრებაა გავრცელებული.
ძველებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ ყიფლიბანდის ზომა თუ გაძვალების ვადა ბავშვის გონებრივი განვითარების დონეზე მიანიშნებს. და ეს მოსაზრება დღემდე მყარადაა ფესვგადგმული. ამიტომ მშობლები ხშირად ერთგვარი შიშით აკვირდებიან მას.
ძველებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ ყიფლიბანდის ზომა თუ გაძვალების ვადა ბავშვის გონებრივი განვითარების დონეზე მიანიშნებს. და ეს მოსაზრება დღემდე მყარადაა ფესვგადგმული. ამიტომ მშობლები ხშირად ერთგვარი შიშით აკვირდებიან მას.
რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი რეალობას, საშიშია თუ არა ზედმეტად პატარა, ან დიდი გაუძვალებელი უბნის არსებობა ახალშობლისთვის, როდის უნდა დაიხუროს ყიფლიბანდი, ამის თაობაზე უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი გიამბობთ, რომელსაც მშობლები ხშირად მიმართავენ ამ კითხვით.
ექიმის თქმით, თავის ქალაზე სულ ექვსი ყიფლიბანდი არსებობს, ზოგი პატარა და ზოგიც - მოზრდილი, მაგრამ მშობლები, როგორც წესი, ყურადღებას ე.წ. დიდ ყიფლიბანდზე ამახვილებენ.
„დიდი ყიფლიბანდი თანდათანობით პატარავდება ზომაში და, ადრე თუ გვიან, ყველა ბავშვს ეხურება. მიუხედავად ამისა, მშობლები მაინც გამუდმებით შფოთავენ — აქაოდა, ძალიან ადრე დაიხურა, ან ჯერაც არ დახურულაო. მთავარი, რაც უნდა იცოდეთ: ყიფლიბანდის ზომის ცვლა, მისი დახურვა თუ არდახურვა, არასდროს არ არის ავადმყოფობის ერთადერთი (!) ნიშანი“, — განმარტავს კომაროვსკი.
მისი თქმით, ბავშვების აბსოლუტურ უმეტესობას დიდი ყიფლიბანდი 10-დან 14 თვემდე პერიოდში ეხურებათ. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ყიფლიბანდის სამი თვიდან 18 თვემდე დახურვა — აბსოლუტურად ნორმალურია.
„ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, ეს ისაა, რომ: თუ ყიფლიბანდი დაიხურა სამ თვემდე, ან არ დაიხურა 18 თვემდე, სანერვიულო არ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის მაჩვენებელია, თუ როგორ მიმდინარეობს ბავშვში ნივთიერებათა ცვლის პროცესი, როგორ იზრდება ძვლოვანი ქსოვილი და, ზოგადად, თავად ბავშვი“, — ამბობს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი.
მიაქციეთ ყურადღება!
დიდი ყიფლიბანდის ნაადრევი და დაგვიანებული დახურვა პრაქტიკულად არასდროს არ არის რომელიმე დაავადების სიმპტომი. თუ ბავშვს სხვა არაფერი აწუხებს, ყიფლიბანდის სამ თვემდე დახურვა, ან წლინახევრის შემდეგაც კი ღიად დარჩენა არ შეიძლება იყოს შფოთვის საფუძველი.