ტრანსნაციონალური დანაშაული: თბილისში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის ოფისი გაჩხრიკეს

© courtesy of Axis Towers„აქსის თაუერსის“ გახსნა
„აქსის თაუერსის“ გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
დღეს ცნობილი გახდა ფართომასშტაბიანი ოპერაციის შესახებ, რომელშიც საქართველოს პროკურატურისა და შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის ოფისი თბილისში ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს, იუწყება „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, ჩხრეკა ბიზნესმენ იოსებ მგელაძის ოფისში ჩატარდა, რომელიც ვაკეში, „აქსის თაუერსის“ შენობაშია განთავსებული. მგელაძე კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია. ის მრავალი წელია, კეზერაშვილის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიებს მართავს.
მგელაძე არის ასევე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ის დირექტორი, რომლის ოფშორული აქტივები, Panama Papers-ის მონაცემებით, კეზერაშვილს ეკუთვნის.
იოსებ მგელაძის სახელი ფიგურირებს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში, სადაც საუბარია მგელაძის, როგორც ოფშორული კომპანიების დირექტორის როლზე კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამასწინათ განაცხადა, რომ კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით მსხვილი თაღლითური ქსელის უკან დგას. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ ის თავის დროზე მოპარული ფულით ქართველ ოპოზიციონერებს აფინანსებს.
კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში იკავებდა. საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე წარუდგინეს, რომელთაგან ოთხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2013 წელს კეზერაშვილზე, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა, თუმცა 2015 წელს მისი გვარი ძებნილთა სიიდან ამოიღო. იგი ცხოვრობს ლონდონში და ბიზნესით არის დაკავებული. ბოლო დროს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ტელეარხ „ფორმულას" აფინანსებს.

ქოლ-ცენტრების საქმე

დღეს ცნობილი გახდა ფართომასშტაბიანი ოპერაციის შესახებ, რომელშიც საქართველოს პროკურატურისა და შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სპეცოპერაცია ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოშიც ჩატარდა.
გამოძიების მონაცემებით, ტრანსნაციონალურმა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, კომპანიები დააფუძნა და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრები გახსნა. ამ „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით ბოროტმოქმედებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის მოქალაქეების მილიონობით ევრო მიითვისეს.
ე.წ. ქოლცენტრების მუშაობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეებმა შექმნეს ასობით სავაჭრო მარკის სახელით სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მომხმარებლებისგან მოტყუებით მიღებული სახსრების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.
საგამოძიებო ღონისძიებები საქართველოში ათობით ლოკაციაზე ჩატარდა. ფართომასშტაბიან ოპერაციაში მონაწილეობდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები გერმანიიდან (60) და საქართველოდან (250-მდე).
ჩხრეკა ჩატარდა ხუთ ე.წ. ქოლცენტრში, ათობით ფიზიკური პირის ავტომობილებსა და სამუშაო ადგილებზე. ამოღებულია ასობით ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობის თანხა.
გარდა ამისა, დალუქულია ქონება და თანხები საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით იქნა მოპოვებული.
სისხლისსამართლებრივი დევნა პირველ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულების ორგანიზატორების გარკვეული ნაწილის მიმართ დაიწყო. საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი მისი შემდგომი ექსტრადიციის მიზნით.
უწყებაში აღნიშნეს, რომ გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს პროკურატურამ ანალოგიურ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ათობით ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში მონაწილეობდნენ.
გამოძიება ამ შემთხვევაშიც გაგრძელდება გერმანულ მხარესთან, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში მონაწილე ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით, რათა მხილებულ იქნენ სხვა პირებიც, რომლებიც მონაწილეობენ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობაში, აღნიშნეს პროკურატურაში.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0