საბურთალოზე კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე გაჩნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსპორტის სასახლე
სპორტის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
ახალი რეკრეაციული სივრცის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 250 ათას ლარს შეადგენს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილით შეივსება – საბურთალოს რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 1,7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განხორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო.

„მოლაპარაკებების შედეგად ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა და იქ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მერიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„თქვენ იცით სპორტის სასახლის ტერიტორია რამდენად არასწორად არის განაშენიანებული, იქ რა პრობლემებია, პირველ რიგში, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. არასწორი ურბანული განვითარების შედეგად არის რეკრეაციული სივრცეების ნაკლებობა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სადაც შესაძლებელია, გამოინახოს სივრცეები პატარა სკვერების მოსაწყობად“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა ჰქონდეს.
ახალი რეკრეაციული სივრცის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 250 ათას ლარს შეადგენს.
ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება დასასვენებელი სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი. გარდა ამისა, ტერიტორიის გამწვანებისთვის ჩატარდება საჭირო ყველა ღონისძიება.
ყველა ახალი ამბავი
0