კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 180 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება

© photo: Sputnik / Stringerსაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობების პროექტის ფარგლებში ალტერნატიული ფართი 2 ათასამდე ოჯახმა უკვე მიიღო.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული კიდევ 180 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიამ პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც დაპირებული საცხოვრებელი ფართების გარეშე იმის გამო დარჩნენ, რომ 1990-იან წლებში სამშენებლო კოოპერატივებმა დაპირება ვერ ან არ შეასრულეს.
კერძოდ, ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად ინტერესთა გამოხატვა ორ მისამართზე – აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა.

„ვიმედოვნებ, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, ამჯერადაც გამოხატავენ ინტერესს და მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში კიდევ ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით, რასაც ათეული წლებია სახელმწიფოსგან ელოდებოდნენ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ყველა ოჯახს დააკმაყოფილებს.
„ამ ოჯახების დაკმაყოფილება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. დღეის მდგომარეობით, ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. სულ დაახლოებით 3 ათასამდე ოჯახზეა საუბარი. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ქვეყანაში კოოპერატიული მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების რიცხვი დაახლოებით 3.100-ია, მერია მაქსიმალურად ცდილობს ყველა მათგანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ოჯახების რიგითობა და თანმიმდევრობა სოციალური ქულების მიხედვით განისაზღვრება. რაც შეეხება ოჯახებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუტანიათ განცხადება, უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და ისინი ქულების მინიჭების შემდეგ შესაბამის რიგს დაიკავებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში ალტერნატიული ფართი 2 ათასამდე ოჯახმა უკვე მიიღო. ამ ეტაპზე თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში შესულია 600-მდე დაზარალებული პირის განაცხადი, რომელთა ფართებით დაკმაყოფილებაც უახლოესი ორი წლის განმავლობაში იგეგმება.
ჯერ კიდევ 2018 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0