ქვრივიშვილი: ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია

© courtesy of Celtic Group Hostelsტურისტული გამოფენა World Travel Market (WTM)
ტურისტული გამოფენა World Travel Market (WTM)  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
სპეციალურად პროფესიონალებზე გათვლილ გამოფენაზე დაახლოებით 5 ათასი კომპანიაა წარმოდგენილი.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წარმატებით მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების კიდევ უფრო გაძლიერებას და აღდგენას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო ლონდონში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში World Travel Market (WTM) - 2022 მონაწილეობს. World Travel Market 1980 წლიდან მსოფლიოს ტურისტული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა და გათვლილია პროფესიონალებზე. რიგით 43-ე გამოფენა 7–9 ნოემბერს ლონდონის ერთ-ერთ უდიდეს თანამედროვე საგამოფენო სივრცე ExCel-ში მიმდინარეობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი ლონდონში იმყოფება და გამოფენის ფარგლებში შეხვედრებს მართავს გამოფენაში მონაწილე ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების, საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.

„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობას საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ლონდონის გამოფენაზე ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულებისადმი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს. გამოფენის მონაწილეებს აქვთ საშუალება, გაიცნონ ბიზნესის წარმომადგენლები ტურისტული პროდუქტებითა და მიმართულებებით.
გამოფენას 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. იქ წარმოდგენილია 5 ათასზე მეტი კომპანია. გამოფენას ყოველ წელს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან მინისტრები ტურიზმის საკითხებში და ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამ სფეროს მიმართულებით.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას მთელი მსოფლიოდან 3 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.
ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 10 ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0