მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასახელდა ოთხი ქვეყანა, რომლებსაც კატასტროფა და მასობრივი მიგრაცია ემუქრება

© Pixabay / stokpicმსოფლიო რუკა ხელებზე
მსოფლიო რუკა ხელებზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
თბილისი, 8 ნოემბერი − Sputnik. დედამიწის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 50 წელზე ნაკლებ დროში შეიძლება ისე მოიმატოს, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდეს, რაც უკონტროლო მიგრაციას გამოიწვევს, განაცხადა კლიმატოლოგმა იოჰან როკსტრომმა გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.
მეცნიერის თქმით, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის 2,4 გრადუსით მატება სრულიად ახალ საცხოვრებელ პირობებს შექმნის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დრომდე პლანეტაზე მსგავსი პრეცედენტები არ ყოფილა და ზუსტად იმის თქმა, რა შედეგები მოჰყვება ამას, შეუძლებელია. თუმცა თავად 2,4 გრადუსით დათბობას კატასტროფად აფასებს.
საქმე ისაა, რომ, როგორც მან განმარტა, ახლა პლანეტაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურაა გამყინვარების პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, თუ 2,4 გრადუსით დათბობა მოხდება, დედამიწის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუკაცრიელდება, ვინაიდან ის ზედმეტად ცხელი გახდება ადამიანისთვის.

„შესაძლოა, უკვე 2070 წლისთვის ეკვატორთან ახლოს მყოფი რეგიონების უმეტესი ნაწილი საკმაოდ ცხელი აღმოჩნდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ეს ეხება ბრაზილიის უმეტეს ნაწილს, ასევე აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის ნაწილებს“, − განმარტა კლიმატოლოგმა.

მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონებში საშუალო წლიურმა ტემპერატურამ შესაძლოა 30 გრადუსს გადააჭარბოს, რასაც მხოლოდ კონდიცირებულ ოთახებში ცხოვრება, ან ემიგრაციაში წასვლა მოჰყვება.
როკსტრომის აზრით, ეს უკანასკნელი ვარიანტი ღარიბებისთვის ერთადერთი გამოსავალი იქნება.
მეცნიერი დარწმუნებულია, რომ პლანეტაზე გარკვეული გარდამტეხი მომენტები უკვე მოხდა, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერდება. საუბარია გრენლანდიისა და ანტარქტიდის მყინვარების დნობაზე, რაც მთელ პლანეტაზე სანაპირო ზონების დატბორვას გამოიწვევს.
„ზღვამ შეიძლება შვიდი მეტრით აიწიოს. ასეთ შემთხვევაში ბანგლადეშსა თუ მალდივებს, ასევე მუმბაის, მანჰეტენსა და ჰააგას უზარმაზარი პრობლემები ექნებათ“, − დასძინა კლიმატოლოგმა.
მეცნიერები რეგულარულად ავრცელებენ გაფრთხილებებს გლობალური დათბობის საშიშროების შესახებ. პროცესის შესაჩერებლად 2015 წელს 190-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს გამონაბოლქვის შემცირებას, ტექნოლოგიურ განახლებებსა და მიმდინარე ცვლილებებთან ადაპტირებას. ასევე მოსალოდნელია განახლებადი ენერგიის წყაროების წილის გაზრდა.
წყარო: Frankfurter Allgemeine Zeitung
ყველა ახალი ამბავი
0