აშვებული ლომი სახელად ერეკლე: ამბავი პატარა კახისა

© Pixabay / azboomerგამარჯვება
გამარჯვება - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში სამ კონტინენტზე გადაჭიმული ოსმალეთის იმპერიის სულთანმა აბდულ ჰამიდ I-მა ძალიან უცნაური და საკუთარი თავის დამამცირებელი წერილი გაუგზავნა დასუსტებული ირანის ხელმწიფე ქერიმ-ხანს:

„თუმცა ჩვენსა და თქვენს შორის არს მშვიდობა, რამეთუ ზავ გვიყოფიეს, გარნა ეგრეთცა აღგვიშვია ერთი ლომი, რომელ არს საქართველოს მეფე, რომელიც აოხრებს მარადის სამფლობელოსა ჩემსა და ამის გამო იხარჯვის ჩემგან არა მცირედი ხაზინანი, რომლისათვის მაქვს განცხადება მეგობრობისადმი თქვენი და გთხოვთ, რათა დააყენოთ იგი ესევითარისა მძლავრებისაგან“.

ოსმალეთის უზარმაზარი იმპერიის პატივმოყვარე სულთანი „აშვებული ქართველი ლომის“ – ერეკლე მეფის დაოკებას სთხოვდა ირანის შაჰს.
ერეკლე II, ალბათ, ერთადერთი იყო იმ ეპოქის მეფე-მხედართმთავრებს შორის, რომელიც უშუალოდ მიუძღოდა ჯარს და უკლებლივ ყველა ბრძოლაში საქვეყნოდ ცნობილი მისი ხმლის – „ავი მუსაიფის“ ელვარება შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს.

60 წელზე მეტი გაატარა პატარა კახმა ცხენზე ამხედრებულმა, 60 წელი არ გაუგდია ხელიდან ხმალი საქართველოს ფარსა და თავად მახვილს, მტრის რისხვას, უამრავ ომგადახდილს, ხან დამარცხებულს, მაგრამ არა დაჩოქებულს.
განგებამ ინება, რომ სწორედ ერეკლეს მეფობისას დასტყდომოდა საქართველოს თავს ავი ბედისწერა სახელად აღა მაჰმად ხანი, რომელთან ომის შემდეგ ქართულმა სახელმწიფომ, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა.
სპარსელები 1795 წლის 8 სექტემბერს გამოჩდნენ იაღლუჯის მთის მიდამოებში. დაზვერვაზე წასული ქართველთა თორმეტკაციანი რაზმი სწორედ იქ შეეფეთა მათ. მიუხედავად მტრის სიმრავლისა, უკან არ დაიხიეს და თერთმეტი მათგანი გმირულად შეაკვდა მტერს.
ცოცხლად გადარჩენილი გორჯასპ ნათალიშვილი, რაზმის მეთაური, მის მიერვე მოკლული სპარსელის ცხენს მოახტა, თბილისისკენ გამოიქცა და ერეკლეს მტრის მოახლოება აუწყა.
ცხადი იყო, რომ აღა მაჰმადი ახალი ძალით შემოუტევდა თბილისის დამცველებს, რადგან უკვე იცოდა, რომ დამხვდურები ბევრად იმაზე ცოტანი იყვნენ, ვიდრე ეგონა.
პატარა კახს გვერდით ედგა იმერთა მეფე სოლომონი, ცალკე ემზადებოდნენ უკვე დავაჟკაცებული მისი შვილიშვილები დავით და იოანე ბატონიშვილების თავკაცობით; მათი მოვალეობა ლეგენდად ქცეული პაპის გვერდით ბრძოლა და მისი დაცვა იყო.
ფიცხელ ომში შესასვლელად ემზადებოდა ერეკლეს ვაჟი ვახტანგ (ალმასხან ) ბატონიშვილიც. სწორედ ის სარდლობდა უმამაცეს, რჩეულ მეომრებს — 300 არაგველს, ფშავ-ხევსურებსა და ქიზიყელებს, რომლებმაც ერთგულების ფიცი დაუდეს ერეკლეს. მათ შეუერთდა თბილისელ მებრძოლთა რაზმიც, რომელსაც მაჩაბელა წინამძღოლობდა — „ეროვნებითა და სარწმუნოებით ქართველი“, რომლის სახელი და გვარი ცნობილი არ არის...
ბატონიშვილმა და მისმა არაგველებმა გულდაგულ შეუტიეს მტერს, იქით მიიწევდნენ, სადაც აღა მაჰმად-ხანი ეგულებოდათ და გზადაგზა უმოწყალოდ კაფეს მომხდური. შვიდ ერთმანეთთან ძმად გაფიცულ ფშავ-ხევსურს თითქმის მიუღწევია შაჰის კარვამდე, შიშველი ხელებით სცემიან სპარსთა დროშებს, ტარები მუხლებზე გადაუმტვრევიათ და კბილებით დაუფხრეწიათ მათი ალმები.
გაოცებული შეჰყურებდა თურმე შაჰი შვიდი შეფიცულის მძვინვარებას. უთქვამს:

„სიყრმიდან ჩემითა ვიდრე აქამომდე სულ ბრძოლაში ვარ და არსადა მიხილავს მე წინააღმდეგნი ვითარ ესე კაცნი ჩემდა მიმართ ჰყოფდნენ ბრძოლასა“.

იმ მძიმე ომში ქართველთა ლაშქარი თითქმის განადგურდა, სიმღერით შეეგება სიკვდილს მაჩაბელას რაზმიც, განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს სპარსელებმა ერეკლეს ერთგული ორასი თათარი, რომლებიც გვერდიდან არ შორდებოდნენ მეფეს.
იმ წვიმიან-ღრუბლიან დღეს 9 ათასამდე სპარსი, ავღანი და თურქომანი დაეცა თბილისის მისადგომებთან, მაგრამ ამით აღა მაჰმადის ჯარს არაფერი დაჰკლებია; ოთხჯერ ნაკლები ქართველი შეაკვდა მოძალებულ მტერს, მაგრამ პატარა კახის ლაშქარი დაიწრიტა.
ერეკლე მიხვდა, რომ ბრძოლა წაგებული იყო და თბილისს ავი დღე ელოდა. გაქცევა იუკადრისა გამარჯვებებს მიჩვეულმა 75 წლის მეფემ, ცხენს დეზი ჰკრა, იშიშვლა თავისი განუყრელი „ავი მუსაიფი“ და მტრის შუაგულში შეიჭრა.
სპარსელებმა უმალ იცნეს თეთრ ცხენზე ამხედრებული პატარა კახი და ალყაში მოაქციეს. ცოტაც და ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ უეცრად მომხდურთა რიგებში ახალგაზრდა ბატონიშვილები შეიჭრენ. იოანემ ცხენის აღვირზე უტაცა ხელი მხცოვან პაპას, სხვებიც აჰყვნენ და ის იყო, გაძალიანებული ერეკლე ალყიდან უნდა გაეყვანათ, წინ სპარსთა ახალი ჯგუფი აესვეტათ.
მოულოდნელად საიდანღაც გლეხურად ჩაცმული ტყუპი ძმები შეცვივდნენ ამ ორომტრიალში და ერთიმეორეზე მიაწვინეს მომხდურები — ბატონიშვილებს შესძახეს, მეფე გაიყვანეთო და თავად მტერს მიეძალნენ.
იოანემ პაპა სამშვიდობოს გაიყვანა, ძალისძალით გაარიდა თბილისს და დუშეთში აიყვანა. ცრემლმორეულმა ერეკლემ სთხოვა იოანეს, იმ ტყუპი ძმების ვინაობა და ამბავი გამიგეო. მეორე დღეს მოახსენეს – ინგილო ძმები მტერს აეკუწა ისნის მისადგომებთან.
ლეგენდის თანახმად, ეს ძმები იმ ინგილო ქალის შვილები იყვნენ, პატარა კახს ჩალმის გამო ქლიავი რომ გადმოაყარა ხიდან. აღა მაჰმადის წასვლისთანავე, პაპის ბრძანებით, იოანე ბატონიშვილმა ძმების ცხედრები საინგილოს წაასვენა და თმაგაშლილ დედას მიჰგვარა.
ქალმა იოანეს ერეკლესთან დანაბარები გაატანა: მეფეს გადაეცით, კიდევ ოთხ ვაჟკაცს ვუზრდი მტერზე ჯავრის ამოსაყრელადო...
მაგრამ ვერა უშველა რა ქართველთა გმირობამ მაშინ ქვეყანას. საქართველოს ავმა ბედისწერამ — ყაჯარმა საჭურისმა აღა მაჰმად-ხანმა საფუძველი მოურღვია გაუთავებელ ბრძოლებში ისედაც დასუსტებულ ქართლ-კახეთის სამეფოს, რომელიც კარგა ხნით გაქრა მსოფლიო რუკიდან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ყველა ახალი ამბავი
0