საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
გამოწერა
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. შესაძლოა, თბილისსა და ციურიხს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე ადგილობრივი ავიაკომპანია „ედელვაისის" აღმასრულებელ კომერციულ დირექტორს შეხვდა და საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე ესაუბრა.

„შვეიცარიული ავიაკომპანია დაინტერესებულია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნით და დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით. პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეხვედრაზე ლომინაძემ დეტალურად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიაფრენების მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. ამასთან ელჩმა შვეიცარიული ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ ვითარებასა და პოზიტიურ ტენდენციებზე.
როგორც დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, საქართველო-შვეიცარიას შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ინვესტორთა მოზიდვასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.
ყველა ახალი ამბავი
0