„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდა
© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მმართველმა პარტიამ უარი თქვა თავისი კანდიდატების დასახელებაზე და ამის უფლება ოპოზიციას მისცა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ აპირებს კონსულტაციების გამართვას, რათა გადაწყვიტოს სახალხო დამცველის პოსტზე რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
პარასკევს, საქართველოს პარლამენტმა ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატის მოსმენა დაასრულა და ორშაბათს დასკვნას წარადგენს, რომლის საფუძველზეც დეპუტატები კანდიდატებს უყრიან კენჭს.
„ჩვენ გავაანალიზებთ თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების პროცესს, სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან გავმართავთ კონსულტაციებს და ამის შემდეგ საკითხს კენჭისყრაზე დავაყენებთ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ მიხეილ სარჯველაძეს ამ ეტაპზე კანდიდატებს შორის ფავორიტის დასახელება გაუჭირდა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანები არიან.
„არჩევანის გაკეთება ადვილი არ იქნება. მე მაქვს გარკვეული პრეფერენციები, პირადად რომელი კანდიდატი იმსახურებს მხარდაჭერას და ხალხის ეს წრე შთამბეჭდავია. არა მგონია, რომელიმე მათგანს დააბრალონ კვალიფიკაციის არქონა ან სახალხო დამცველის კრიტერიუმების შეუსრულებლობა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია, თუმცა კანდიდატებისთვის ხმის მიცემისას მისი ხმები გადამწყვეტია.
პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ მხოლოდ ერთი კანდიდატის დასახელებით შემოიფარგლა, ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - ორით, „რეფორმების ჯგუფი“ - ასევე ორით, ხოლო ფრაქცია „ლელო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - სამით, ხოლო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ კი წარადგინეს ყველა ის კანდიდატი, რომელმაც განაცხადი შეიტანა.
სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას.
საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატები:
ანა აბაშიძე - არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი
გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი
ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე
გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი
სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი
ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი
იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი
ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი.