ხნოვანი კაცის ლოცვა: უჩვეულო ვედრება კედელზე გასაკრავად

© Pixabay / cocoparisienneლოცვა
ლოცვა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
„ხნოვანი კაცის ლოცვა“ ცნობილ პუბლიცისტს, პროზაიკოსსა და კრიტიკოსს, წარმოშობით ებრაელ დანიილ დანინს (ნამდვილი გვარი პლოტკე) აღმოუჩენია ერთ-ერთ ინგლისურ ჟურნალში.
თავად უთარგმნია და მწერალ იური გერმანისთვის გაუგზავნია, რომელსაც ის თავის სამუშაო მაგიდასთან გაუკრავს.
გერმანი 1967 წელს გარდაიცვალა, ლოცვა კი „მემკვიდრეობით“ მის ვაჟს, რეჟისორ ალექსანდრ გერმანს ერგო. დღეს აღარც იგია ცოცხალი, თუმცა ლოცვა ახლაც მისი ბინის კედელზეა გამოკრული.
აი ისიც:
უფალო, შენ უკეთ უწყი, რომ მალე მოვხუცდები. დააოკე საბედისწერო ჩვევა ჩემში — ვიფიქრო, თითქოს ვალდებული ვარ, აზრი გამოვთქვა ნებისმიერ თემაზე.
მიხსენ მე მისწრაფებისგან, ჩავერიო ყველა საქმეში ვითომდა რამის გამოსასწორებლად ან გასაუმჯობესებლად.
მქმენ მე დაფიქრებულად და არა უგუნურად, სარგებლის მომტანად და არა დესპოტად.
დამიცავი ცდუნებისგან – დაწვრილებითა და გაუთავებლად ვთხრობდე წვრილმანებს.
დაბეჭდე ბაგენი ჩემი, თუ სნეულებაზე საუბარი მომინდა. დაავადებები გვემატება, მათზე გაუთავებლად ლაპარაკი კი სულ უფრო ტკბილი ხდება.
ვერ ვბედავ გთხოვო, გამიუმჯობესო მეხსიერება, მაგრამ გევედრები, შემმატე კეთილმოსურნეობა, დააოკე ჩემი თავდაჯერებულობა, როცა ჩემი მეხსიერება სხვათა მეხსიერებას შეეჯახება.
ერთს გევედრები, უფალო, არ დამინდო, როცა ჩემთვის ბრწყინვალე გაკვეთილის სწავლების შესაძლებლობა მოგეცემა, რათა დამიმტკიცო, რომ მეც შეიძლება ვცდებოდე.
თუ ჩემში გულითადობის ნატამალი სუფევს, შემინარჩუნე ეს უნარი.
მასწავლე აღმოვაჩინო სიკეთე იქ, სადაც მას არავინ ელოდება, და გამოვიცნო მოულოდნელი ნიჭი სხვა ადამიანებში…
ყველა ახალი ამბავი
0