მაღალი სიცხე: როდის შეიძლება დაწევა და როდის - არა

  - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. როდესაც სხეულის ტემპერატურა სტანდარტულ 36,6 გრადუსზე მაღლა იწევს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ორგანიზმი ინფექციებთან და ანთებებთან ბრძოლას იწყებს, და ეს ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, ტემპერატურის მატება ნივთიერებათა გაცვლის პროცესებს აჩქარებს იმ უჯრედებში, რომლებიც ინფექციას ებრძვიან და, შესაბამისად, ეს საჭირო რეაქციაა.

„როდესაც სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსია, უნდა იცოდეთ, რომ ეს ნორმალური ტემპერატურაა ორგანიზმის შიგნით „საბრძოლო მოქმედებებისთვის“, რა დროსაც ლიმფოციტები და ლეიკოციტები უფრო აქტიურად და აგრესიულად ანადგურებენ ავადმყოფობის გამომწვევ მიკროორგანიზმებს“, — ამბობენ მედიკოსები.

ექიმების განმარტებით, 38-38,5 გრადუსი — ეს ის უსაფრთხო ტემპერატურაა, რომლის მოთმენაც ზრდასრულ ადამიანს მარტივად შეუძლია. თუმცა, სხვა საკითხია – უნდა მოითმინოს თუ არა.
„აქ ყველაფერი ინფექციის ტიპსა და ავადმყოფის სუბიექტურ შეგრძნებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, გრიპის დროს ადამიანმა მაღალი ტემპერატურა შეიძლება მოითმინოს, რადგან ამ დროს სიცხე ვირუსს კლავს. მაგრამ COVID-19-ის შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა ვირუსს არ ანადგურებს, ამიტომ ამ დროს ადამიანი საკუთარ შეგრძნებებს უნდა დააკვირდეს და ისე იმოქმედოს: თუ მაღალი ტემპერატურა აწუხებს, შეუძლია სიცხის დამწევი დალიოს, თუ არ აწუხებს, მაშინ ამგვარი პრეპარატის მიღება აუცილებელი არ არის“, — განმარტავენ მედიკოსები.
ამასთან ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ავადმყოფმა სიცხის დამწევი აუცილებლად უნდა მიიღოს, თუ სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს. ეს უკვე ძალიან მაღალი ტემპერატურაა, რაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, განსაკუთრებით, თუ ავადმყოფი ბავშვია.
ყველა ახალი ამბავი
0