ციანიდის საქმე: სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში 2021 წლის 17 ივნისს მიიღო.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დახურული სხდომის ჩატარებით დაირღვა მამალაძის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია მამალაძის არგუმენტს სხდომების ნაწილობრივ დახურვის შესახებ.
საქართველოს საპატრიარქო: დეკანოზ მამალაძის შეწყალება მნიშვნელოვანი და სასურველი იქნებოდა>>>
გარდა ამისა, დეკანოზის დაკავების შემდეგ საჯარო პირების კონკრეტულმა განცხადებებმა, ისევე, როგორც პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გამოქვეყნებამ დაარწმუნა საზოგადოება, რომ მამალაძე იყო დამნაშავე.
ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მამალაძის სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საქმის მტკიცებულებების ნაწილში მის სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევას. მამალაძე ამტკიცებდა, რომ ციანიდი მას „ჩაუდეს“.

„სასამართლომ დაადგინა, რომ ბარგის ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების პროცედურა კანონიერი იყო და დეკანოზის არგუმენტი, რომ მას ციანიდი ჩაუდეს, უსაფუძვლოა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მამალაძე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით საქართველოს სახელმწიფოსგან 150 ათას ევროს და 376,3 ათას ლარს მოითხოვდა, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დეკანოზისთვის მხოლოდ იურიდიული ხარჯების ანაზღაურება – 9.418 ლარის გადახდა დააკისრა.
მხარეების რეაქცია
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია საქართველოს პროკურატურა.
„სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ძირითად ნაწილში მისი ბრალეულობის სტატუსი დაადასტურა და იგივე დატოვა. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ასევე ამ მტკიცებულებების მის წინააღმდეგ გამოყენების პროცედურა არ იყო ხარვეზიანი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც კურირებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ არ შეიძლება გავლენა იქონიოს დეკანოზის განაჩენზე.

„ეს დარღვევები პროცედურულ ხასიათს ატარებს და არ იმოქმედებს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოება სამართლიანად მიმდინარეობდა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე დროს მამალაძეების ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დეკანოზის გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნევს.
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას სამართლიანობის აღსადგენად, თავისუფლებაზე გამოუშვას მამა გიორგი და მას მისცეს საშუალება იზრუნოს ოჯახსა და ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა დეკანოზ მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.
მისი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და შეიძლება საპატიმროში გარდაიცვალოს.
2021 წელს მამალაძის ოჯახმა დეკანოზის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი სასჯელის გადავადება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის საშუალებას აძლევს.
2020 წლის 6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა მიუხედავად წმინდა სინოდის შუამდგომლობისა. უარის მიზეზად ზურაბიშვილმა დაასახელა მამალაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეუსაბამობა შეწყალების ახალი კრიტერიუმებისადმი და „საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნების“ სურვილი. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ „პატრიარქის ავტორიტეტის და სიცოცხლის ხელყოფა საქართველოს ხელყოფას ნიშნავს“.
საპატიმროში ყოფნის დროს დეკანოზს ინსულტი და ჰიპერტონული კრიზი განუვითარდა.
2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0