როგორ დავიმახსოვროთ რთული თემა სამუდამოდ: ფეინმანის მარტივი მეთოდი

© Pixabay / geralt მათემატიკა
მათემატიკა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. იმისათვის, რომ რაღაც მართლა კარგად დავიმახსოვროთ და მერე არასდროს დაგვავიწყდეს, თურმე სულ უბრალო რამაა საჭირო – ვიცოდეთ ნობელის პრემიის ლაურეატ რიჩარდ ფეინმანის მეთოდი, რომელიც განსაკუთრებით მაღალი კლასების მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს გამოადგებათ.

როგორ მუშაობს ფეინმანის მეთოდი

წარმოიდგინეთ, რომ დასამახსოვრებელ თემას ამ საკითხისგან შორს მყოფ ადამიანს, ვთქვათ, 8 წლის ბავშვს უხსნით. ამ ასაკის ბავშვებს გონება უკვე საკმაოდ „მომაგრებული“ აქვთ საიმისოდ, რომ მარტივად ახსნილი თემები გაიაზრონ — მარტივად და არა სპეციალური ტერმინებით გაჯერებული ტექსტებით, ვინაიდან მათი სიტყვიერი მარაგი ჯერ კიდევ არ არის ამდენად მდიდარი.
ამიტომ თქვენ მოგიწევთ ისაუბროთ არა დაზეპირებული ფრაზებითა და ტერმინებით, არამედ საკუთარი სიტყვებით — მაქსიმალურად უბრალო და გასაგები ენით. სწორედ ამ დროს აღმოაჩენთ იმ ადგილებს, რომელთა უბრალო სიტყვებით გადმოცემა გიჭირთ — არა იმიტომ, რომ გონებაში წარმოდგენილი ბავშვი ზედმეტად პატარაა და არ იცით როგორ გააგებინოთ სათქმელი, არამედ იმიტომ, რომ თქვენ თავად ბოლომდე არ ხართ გარკვეული მასში.
მონიშნეთ ასეთი ადგილები ფურცელზე, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ თემა და შეეცადეთ ღრმად ჩაწვდეთ მონიშნულ „აუხსნელ“ საკითხებს, იმდენად ღრმად, რომ მისი ბავშვისთვის მარტივად მოყოლა შეძლოთ.
ხოლო თუ თემაში გაურკვეველი ადამიანი სულაც გვერდით გეყოლებათ და არა წარმოდგენაში, ანუ უშუალოდ მისთვის შეძლებთ მოყოლას და იქვე მოისმენთ მის შეკითხვებს, ეს საერთოდაც იდეალური ვარიანტი იქნება.
ფეინმანის მეთოდი ნებისმიერი სფეროს თემატიკის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ — თანაც არა დაზეპირებაში, არამედ ღრმად გააზრებასა და ლამის სამუდამოდ დამახსოვრებაში, იქნება ეს ფიზიკური ფორმულები, ისტორიული მოვლენები თუ ეკონომიკური მექანიზმები.
ეს ტექნიკა, სწავლის პროცესის გარდა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხსენების წერისას თუ პრეზენტაციის მომზადებისას.
გვერწმუნეთ, უბრალო სიტყვებით მოთხრობილი „ამბავი“ ბევრად იოლად აღსაქმელ-დასამახსოვრებელი და საინტერესოა, ვიდრე სპეციალური ტერმინებითა და ფრაზებით სავსე.
რიჩარდ ფილიპს ფეინმანი — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში, მუშაობდა ბირთვული იარაღის შექმნაზე, იყო „მანჰეტენის პროექტის“ აქტიური წევრი ლოს-ალამოსში და ასევე მონაწილეობდა კოსმოსურ შატლ „ჩელენჯერის“ კატასტროფის გამოძიებაში. ფეინმანმა ასახა ელემენტარული ნაწილაკების გარდაქმნები და შექმნა „ფეინმანის დიაგრამები“. მიიჩნევენ კვანტური კომპიუტერის შექმნის ერთ-ერთ პიონერად და ნანოტექნოლოგიის კონცეფციის შემმუშავებლად. სიცოცხლის ბოლო წლებში ფეინმანი თეორიული ფიზიკის პროფესორი იყო კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.
ყველა ახალი ამბავი
0