კონკურენციის სააგენტომ 1 ნოემბრიდან მომხმარებელთა საჩივრების განხილვა დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმყიდველები მაღაზიაში
მყიდველები მაღაზიაში - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
საქართველოში გარანტირებული იქნება საქონლის დაბრუნება, რასაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. დღეიდან, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა განახლებული კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“.
კანონის განახლებული ვარიანტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მარტში დაამტკიცა, წარმოადგენს არსებული კანონის ახალ ვერსიას, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა.
მომხმარებლის უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია და მისი მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი.

„დღეიდან ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სააგენტოს განცხადებით მიმართოს. ჩვენი უწყება საქმის შესწავლას განახორციელებს სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა", – განაცხადა ლექვინაძემ.

მან ასევე განმარტა, თუ როდის ეკისრება მომხმარებელსა თუ მოვაჭრეს მტკიცების ტვირთი.
„მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში თუ აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში – მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს", – განაცხადა ლექვინაძემ.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ახალი კანონით დადგინდა ნივთის უპირობო დაბრუნების წესი.
„ახალი კანონის თანახმად, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი, რომელიც ეხება მხოლოდ ონლაინ-ვაჭრობას და სარეწგარეთ დადებულ ხელშეკრულებებს", – აღნიშნა ლექვინაძემ.
დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, განაცხადა ლექვინაძემ.
კანონის თანახმად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე აუცილებელია მან უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება.
მომხმარებელთა საჩივრების განხილვას კონკურენციის სააგენტო 1 ნოემბრიდან დაიწყებს>>
„ჩვენი უმთავრესი მიზანია, მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული, მეორე მხრივ კი – მოვაჭრის მიერ ყველა ვალდებულება მოწესრიგებული, რათა დარღვევის პრევენცია მაქსიმალურად მოხდეს", – განაცხადა ლექვინაძემ.
სააგენტო საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვრავს მის დასაშვებადობას, ერთი თვის ვადაში განიხილავს საჩივარს და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მოვაჭრეს გააფრთხილებს, მისცემს ვადას მისი აღმოფხვრისთვის, ხოლო მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება სანქცია – წინა წლის ბრუნვის 2%-მდე ოდენობით.
კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა, ხოლო საჩივრების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0