დავით აღმაშენებელი - სომეხთა განმათავისუფლებელი და ანისის „უჭირველად“ ამღები

© Pixabay / josealbafotosძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
გამოწერა
იყო დრო, როდესაც დიდი ქართველი მეფეები — დავით აღმაშენებელი, გიორგი მესამე და თამარ მეფე მზრუნველობას არ აკლებდნენ მეზობელ სომხებს.
ზოგი ისტორიული წყაროს მიხედვით, დავით აღმაშენებელმა მის მიერვე დაარსებულ გორში მასიურად დაასახლა თურქებს გამოქცეული სომხები. მათაც ეიმედებოდათ ქართველთა უძლეველი მეფე, ნამდვილ მსხნელს ხედავდნენ მასში და ასეც იყო: დავით IV სისხლს ღვრიდა სომეხი ხალხის დამპყრობთაგან დასახსნელად.
1124 წელი საქართველოს დიდ გამარჯვებათა წელი იყო. შირვანიდან თურქების განდევნის შემდეგ მეფე დავითმა „აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი“. მერმე კი „წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდის და რაც პოვა თურქმანნი, მოსრა და ტყუე ჰყო“.
ამის მერე სომეხმა დიდებულებმა დავითი ანისიდან მუსლიმთა გასადევნად და ქალაქის გასათავისუფლებლად მიიწვიეს.

„და აგვისტოსა ოცსა მივიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა“.

იმ პერიოდში ანისს აბულ-ასვარი ფლობდა, რომელიც 1118 წელს ჩაენაცვლა გარდაცვლილ მამას, ანისის პატრონ მანუჩეს. აბულ-ასვარი თურმე მეტად ავიწროვებდა ქალაქის მოსახლეობას, უდიერად და უპატივოდ ეპყრობოდა მათ სარწმუნოებას. ჯერ იყო და ხლათიდან ვერცხლისგან ნაჭედი უზარმაზარი ნახევარმთვარე ჩაუტანია და სომხური ეკლესიის გუმბათზე დაუდგმევინებია, მერე კი ანისის მიყიდვა გადაუწყვეტია 60 ათას დინარად კარის (ახლანდელი ყარსი) სელჩუკი ამირასათვის.
გამწყრალან ანისელები, მაგრამ თავად ძალა არ ჰქონიათ წინააღმდეგობისა და საქართველოს მეფისთვის მიუმართავთ დახმარების სათხოვნელად.
შეებრალა დავითს გასაჭირში ჩავარდნილი მეზობელი ხალხი და კიდევ ერთხელ აღიღო მახვილი მათ დასახსნელად. სასწრაფოდ დააგზავნინა ლაშქრად წვევის წიგნები, სამ დღეში 60 ათას მხედარს მოუყარა თავი და ანისისკენ დაიძრა. ხოლო კიდევ სამი დღის შემდეგ „აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქვეყანანი მიმდგომნი ანისისანი“.
ქალაქში შებრძანებულმა დავითმა აბულ-ასვარი და მანუჩეს სხვა შვილები ანისიდან გააძევა და ტფილისს გაგზავნა. მერე მიზგითად ქცეულ ტაძარს ეწვია, ისევ სომხებს გადასცა იგი და მისი აღმშენებლის, დედოფალ კატრონიკეს საფლავს, რომელიც იქვე იყო დაკრძალული, სამგზის ჩასძახა:

„გიხაროდენ შენ, წმინდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან!“

შემდგომ ამისა ანისი და მისი მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა და მცველებად მესხი აზნაურები მიუჩინა, ხოლო თავად ქალაქის გამგებლად კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი აბულეთი და ძე მისი ივანე დატოვა.
ამის მერე დავით აღმაშენებელმა დაიპყრო ერთ დროს სომეხ მეფეთა, კვირიკესა და აბასის კუთვნილი ვანანდისა და არარატის პროვინციები, კასპიის ზღვამდე გავიდა და ასე გაათავისუფლა მეზობელი სომხეთი ქურთული წარმოშობის ფეოდალური დინასტიის, შედადიანთა მმართველობისგან.
თუმცა, ეს ქართველთა ერთადერთი ბრძოლა როდი იყო სომეხთა დასახმარებლად და ანისის გასათავისუფლებლად. 1199 წელს მეფე თამარმა კიდევ ერთხელ აიღო ანისი, კიდევ ერთხელ გააძევა შედადიანები იქიდან და მის მმართველებად ზაქარია და ივანე მხარგრძელები დანიშნა. ამით ანისი საქართველოს შემოუერთა და ქურთ ფეოდალ შედადიანთა დინასტიის არსებობას წერტილი დაუსვა.
ყველა ახალი ამბავი
0