ექვსდიპლომიანი ქართველი ექიმი პარიზში და უპასუხოდ დარჩენილი კითხვა
17:38 31.10.2022 (განახლებულია: 21:24 31.10.2022)
© photo: courtesy of Zaza Putkaradzeზაზა ფუტკარაძე შვილთან ერთად
გამოწერა
ზაზა ფუტკარაძეს პარიზის სამედიცინო სფეროში უკვე კარგად იცნობენ. თავიდან მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში ერთ-ერთი პროფესორის მიწვევით სტაჟირების მიზნით ჩავიდა. სწავლობდა მარსელის, გრენობლისა და ლიონის უნივერსიტეტებში.
დღეს ექვსი დიპლომი აქვს, მათ შორის სამი მაგისტრის ხარისხისაა. გრენობლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური კვლევების ცენტრში ნიჭიერი სპეციალისტის მონდომება და შრომა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა და რამდენიმე თვის შემდეგ მისმა ფრანგმა ხელმძღვანელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საფრანგეთში ჩასული ქართველისთვის ცალკე შტატი შექმნილიყო.
ამჟამად ის გრენობლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური კვლევების ცენტრში კვლევების კოორდინატორად მუშაობს. ქართველი ემიგრანტების ნდობითაც სარგებლობს, რადგან მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას „ქართველები საფრანგეთში“ მათთვის უანგაროდ არაერთხელ აღმოუჩენია დახმარება.
© photo: courtesy of Zaza Putkaradzeზაზა ფუტკარაძე სამუშაო კაბინეტში
ზაზა ფუტკარაძე სამუშაო კაბინეტში
– ბატონო ზაზა, თქვენ 20-ზე მეტი საერთაშორისო კვლევის კოორდინატორი ხართ ნევროლოგიაში, ონკოლოგიასა და ენდოკრინოლოგიაში. როგორ მიაღწიეთ წარმატებას საფრანგეთში?
- აქ დიდი იმედებით ჩამოვედი, მაგრამ როცა გავიგე, რომ ამ ქვეყანაში ქართულ დიპლომს არ აღიარებენ, ერთადერთი, რაც შემეძლო, ეს სწავლის გაგრძელება იყო. ამიტომ მუშაობა დავიწყე არა სპეციალობით, არამედ „მაკდონალდსში”. მქონდა სხვა პატარა სამსახურებიც, ხშირად დღეში 18-20 საათი ვმუშაობდი იმისთვის, რომ შემოსავალი მქონოდა და მერჩინა ოჯახი, რომელიც 2010 წელს შევქმენი. მუშაობის პარალელურად კი ვსწავლობდი.
© photo: courtesy of Zaza Putkaradzeზაზა ფუტკარაძე
ზაზა ფუტკარაძე
- როგორ აღმოჩნდით შშმ პირთა ინსტიტუტში?
- ერთხელ ერთი პროფესორი დაინტერესდა, თუ სად ვმუშაობდი. როცა გაიგო, რომ უმუშევარი ვიყავი, შემომთავაზა კონკრეტულ კვლევაზე მასთან ერთად მემუშავა. ასე დავიწყე პირველი სამსახური სპეციალობით – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინსტიტუტში. მერე გავიცანი სხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები, რომლებმაც მსგავსი კვლევის ჩატარება მთხოვეს მათ დაწესებულებაში, რის შემდეგაც სახელმწიფოსგან დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროს დაფინანსება მიიღეს. იმ იმედით, რომ საქართველოს განათლების სამინისტროსგან მივიღებდი დაფინანსებას, საბუთები გავგზავნე საფრანგეთის სამ საუკეთესო უნივერსიტეტში, საიდანაც ორისგან დადებითი პასუხი მივიღე. თუმცა განათლების სამინისტრომ უარი მითხრა დაფინანსებაზე, რადგან პასუხის გაგზავნა დროულად ვერ მოვახერხე. საბოლოოდ სწავლა მაინც გავაგრძელე, თუმცა, ჩემი დაფინანსებით.
© photo: courtesy of Zaza Putkaradzeზაზა ფუტკარაძე გრენობლის მერიაში
ზაზა ფუტკარაძე გრენობლის მერიაში
- სოციალურ ქსელებში თქვენი ჯგუფი „ქართველები საფრანგეთში“ 17 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს...
- როცა აქ ჩამოვედი, ძალიან ცოტა ქართველს ვიცნობდი, ამიტომ „ფეისბუქზე“ გავაკეთე ჯგუფი „ქართველები საფრანგეთში“ და აქ მცხოვრებ ქართველებს ვთხოვდი მასში გაწევრიანებას. ეს სივრცე დღეს უამრავი ადამიანისთვის ერთადერთი საშუალებაა საიმისოდ, რომ თანამემამულეებს ხმა მიაწვდინონ და სასურველი ინფორმაცია მიიღონ, რაც ახალჩამოსულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ჯგუფი ანალოგიური ასოციაციის დარეგისტრირების წინაპირობა გახდა. 2016 წელს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დავარეგისტრირეთ არამომგებიანი ასოციაცია, რომლის ხელშეწყობითაც საფრანგეთსა და საქართველოში მნიშვნელოვან აქტივობებს ჩაეყარა საფუძველი.
© photo: courtesy of Zaza Putkaradzeზაზა ფუტკარაძე მეუღლესთან ერთად
ზაზა ფუტკარაძე მეუღლესთან ერთად
- კონკრეტულად რაში ეხმარებით ემიგრატებს?
- ჩვენი ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“ იქ ჩასულ ჩვენს თანამემამულეებს რეალურად უდგას გვერდში და აკვალიანებს, უადვილებს მათ ადგილობრივებთან კომუნიკაციას. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი გვენდობა. ჩვენი ურთიერთობები ხშირად მხოლოდ ვირტუალურ ხასიათს ატარებს, თითქმის 8-9 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ერთად უამრავი საქმე გაგვიკეთებია, თუმცა პირადად არ შევხვედრილვართ და ერთმანეთს არ ვიცნობთ.
- მაინტერესებს ბავშვობა სად გაატარეთ და ექიმობაზე თავიდანვე თუ ოცნებობდით?
- დავიბადე აჭარის მაღალმთიან სოფელ ტომაშეთში, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 1600 მეტრზეა, მრავალშვილიან ოჯახში. ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ოჯახი გურიაში, სოფელ ნატანებში გადავიდა საცხოვრებლად. ამიტომ ბავშვობა გურიაში გავატარე. სწავლა ბათუმში, პირველ აკადემიურ გიმნაზიაში გავაგრძელე. ექიმობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, თუმცა იმ დროისთვის საკმაოდ რთული იყო სამედიცინოზე მოხვედრა. საბოლოოდ ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაში ვსწავლობდი ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის დახმარებით.
- ყველაზე რთული რა იყო საფრანგეთში, რისი გადალახვაც მოგიხდათ?
- საქართველოსგან განსხვავებით, საფრანგეთში არავინ გყავს, იქ არავის აინტერესებს ვინ ხარ, რა გვარის, საიდან მოდიხარ და ა.შ. იქ არც საერთო სანაცნობოს, სამეგობროს გამონახვა შეიძლება მარტივად, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნი. თავიდან ყველა უცნაურად და ეჭვის თვალით გიყურებს, რადგან ჰგონიათ მათ ქვეყანაში იმიტომ ჩამოხვედი, რომ სოციალური დახმარებებით იცხოვრო და რაღაცეები გააფუჭო ან მოიპარო... შესაბამისად, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ დაამტკიცო – შენც მათნაირი ხარ და მათ ქვეყანაში საქმის გასაკეთებლად, უკეთესის შესაქმნელად ჩამოხვედი.
- რა არის კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად უსვამთ?
- ათი წელია საფრანგეთში ვცხოვრობ, ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ, მაგრამ დღე არ გავა, რომ საკუთარ თავს არ დავუსვა კითხვა: როდის დავბრუნდები სამშობლოში? პასუხი ჯერ არ მაქვს...
ნინო მამულაშვილი