მიმოხილვა: პუტინი ეპოქის მთავარი წინააღმდეგობის გადაჭრას შეუდგა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიПрезидент РФ В. Путин принял участие в заседании Международного дискуссионного клуба "Валдай"
Президент РФ В. Путин принял участие в заседании Международного дискуссионного клуба Валдай - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
„ვალდაის“ ფორუმზე ვლადიმერ პუტინის გუშინდელ გამოსვლაში ბევრმა მთავარ გზავნილად მიიჩნია მისი გაფრთხილება, რომ „ჩვენ ვდგავართ ისტორიულ ზღურბლზე. წინ, ალბათ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე სახიფათო, გაუთვალისწინებელი და მნიშვნელოვანი ათწლეულია“. მაგრამ მომავალი გამოცდების პროგნოზი ახალი არ არის - აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელშიც ეს ითქვა:
„მსოფლიო საქმეებში დასავლეთის განუყოფელი დომინირების ისტორიული პერიოდი სრულდება, ერთპოლარული სამყარო წარსულს ბარდება... დასავლეთს არ შეუძლია ერთპიროვნულად მართოს კაცობრიობა, მაგრამ თავგანწირვით ცდილობს ამის გაკეთებას, მსოფლიოს ხალხთა უმეტესობას კი უკვე აღარ სურს ამასთან შეგუება. სწორედ ესაა ახალი ეპოქის მთავარი წინააღმდეგობა. კლასიკოსის სიტყვებით რომ ვთქვათ, სიტუაცია გარკვეული ხარისხით რევოლუციურია: ზემდგომებს აღარ შეუძლიათ, ქვემდგომებს კი აღარ სურთ ასე ცხოვრება“.
პუტინის სიტყვა მიეძღვნა კაცობრიობის მომავალს - მან ისაუბრა არა მხოლოდ გლობალიზაციის ჩიხზე და დასავლური გეგმის კრიზისზე, არამედ ალტერნატივაზეც, რომლის აშენების ინიციატივითაც რუსეთი გამოდის. სთავაზობს ყველას - მათ შორის დასავლეთსაც, რომელსაც მაინც მოუწევს „თანასწორი საუბრის დაწყება ჩვენი საერთო მომავლისთვის და რაც ადრე, მით უკეთესი“.
მაგრამ ჯერჯერობით დასავლეთი დაჟინებით ცდილობს ჰეგემონობის შენარჩუნებას. ეს სახიფათოა და პუტინმა აღნიშნა კიდეც, რომ „ჰეგემონობის შენარჩუნების ყოველი მცდელობისას დასავლეთს მოუწევს სულ უფრო მაღალი ფასის გადახდა“.
„მსოფლიოზე ბატონობა - სწორედ ისაა, რაც დასავლეთმა ფსონად დადო თამაშში. მაგრამ ეს თამაში, უდავოდ, სახიფათო, სისხლიანი და, ჩემი აზრით, ბინძურია. ის უარყოფს ქვეყნებისა და ხალხების სუვერენიტეტს, მათ თვითმყოფადობას და უნიკალურობას, არაფრად აგდებს სხვა სახელმწიფოების ინტერესებს“ - აღნიშნა პუტინმა.
ამერიკულად სამყაროს ლიბერალური მოწყობა არა მხოლოდ დღითიდღე ზრდის ქაოსს - ის სულ უფრო აუტანელი ხდება თვით დასავლეთის ქვეყნების მიმართ, მათი მცდელობების მიმართ, გამოამჟღავნონ ნებისმიერი დამოუკიდებლობა, განაცხადა პუტინმა.
მაგრამ მსოფლიო თავისი არსით მრავალფეროვანია და დასავლეთის მცდელობა, ყველა ერთ შაბლონში მოაქციოს, ობიექტურად განწირულია, აქედან არაფერი გამოვა, - თქვა პრეზიდენტმა, - მით უმეტეს, რომ „მათ არ გააჩნიათ შექმნისა და პოზიტიური განვითარების იდეა, არაფერი აქვთ მსოფლიოსთვის შესათავაზებელი, გარდა საკუთარი დომინირების შენარჩუნებისა“.
მაგრამ ამ დომინირების შენარჩუნების ძალა უკვე აღარ არის - წლიდან წლამდე სიტუაცია დასავლეთისთვის სულ უფრო მძიმე გახდება. ზემდგომებს მართლაც არ შეუძლიათ - და საკითხავი მხოლოდ ისღაა, როდის შეძლებს ქვემდგომი, ანუ არადასავლური სამყარო თავისი მოქმედების კოორდინაციას მსოფლიო წესრიგის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის. ანუ არ მისცემს დასავლეთს საშუალებას, გაახანგრძლივოს თავისი დომინირება კონფლიქტებისა და ომების პროვოცირების გზით.
პუტინი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ არადასავლური სამყარო არ არის თანახმა, გაგრძელდეს დასავლეთის ბატონობა, ვინაიდან დასავლეთს არა მხოლოდ მსოფლიო ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, არამედ ყველაფრისა და ყველას დამორჩილებაზე. თანაც ეს მორჩილება გლობალიზაციის ანგლოსაქსური გეგმის განხორციელების შემთხვევაში გამოიწვევდა მსოფლიო ცივილიზაციების მთელი აყვავებული სირთულის განადგურებას, დედამიწის მთელი მოსახლეობის დაკნინებას უსახურ უნივერსალურ მომხმარებლამდე:
„სწორედ უნიფიკაციას, ფინანსურ და ტექნოლოგიურ მონოპოლიზმს, ყველანაირი განსხვავების წაშლას ეფუძნებოდა გლობალიზაციის დასავლური, თავისი არსით ნეოკოლონიალური მოდელი. ამოცანა ნათელი იყო - დასავლეთის უპირობო დომინირების განმტკიცება მსოფლიოს ეკონომიკასა და პოლიტიკაში, ამისათვის კი მთელი პლანეტის ბუნებრივი და ფინანსური რესურსების, ინტელექტუალური, ადამიანური და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენება, ამის შეფუთვა ე.წ. ახალი გლობალური ურთიერთდამოკიდებულებით“.
პუტინმა მოიშველია ალექსანდრ ზინოვიევის სიტყვები იმის თაობაზე, რომ დასავლური ცივილიზაციის გადასარჩენად „აუცილებელია მთელი პლანეტა, როგორც საარსებო გარემო, აუცილებელია კაცობრიობის მთელი რესურსები“. პრეზიდენტმა დოსტოევსკის, სოლჟენიცინის, დანილევსკის ციტატებიც წაიკითხა იმის თაობაზე, რომ ვერცერთი ცივილიზაცია ვერ იამაყებს იმით, რომ ის წარმოადგენს განვითარების უმაღლეს მწვერვალს. ცივილიზაციების მრავალფეროვნება არის ის, რაზეც ფსონს დებს რუსეთი, როდესაც ხელმძღვანელობს ნაციონალური ინტერესებითა და ახალი მსოფლიო წესრიგის აგების ამოცანით.
„დღევანდელი ისტორიული მომენტის არსი სწორედ ისაა, რომ ყველა ცივილიზაციის, სახელმწიფოს და მათი ინტეგრაციული გაერთიანებების წინაშე მართლაც იშლება განვითარების საკუთარი, დემოკრატიული, ორიგინალური გზით სიარულის შესაძლებლობა. და უპირველეს ყოვლისა, მიგვაჩნია, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს კანონსა და სამართალს, იყოს თავისუფალი, თვითმყოფადი და სამართლიანი“.
„თუ ლიბერალური გლობალიზაცია - ეს არის დეპერსონალიზაცია, დასავლური მოდელის თავს მოხვევა მთელი მსოფლიოსთვის - ინტეგრაცია, პირიქით, არის თითოეული ცივილიზაციის პოტენციალის გახსნა საერთო სარგებლის მისაღებად. თუ გლობალიზმი - დიქტატია და ყველაფერი საბოლოოდ აქამდე დაიყვანება, მაშინ ინტეგრაცია არის საერთო სტრატეგიების ერთობლივი შემუშავება, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა“.
„რუსეთს მნიშვნელოვნად მიაჩნია იმ მეზობელი ქვეყნების თანამშრომლობაზე აგებული დიდი სივრცეების შექმნის მექანიზმების ამოქმედება, რომელთა ეკონომიკა, სოციალური სისტემა, რესურსების ბაზა, ინფრასტრუქტურა ერთმანეთს ავსებს. ასეთი დიდი სივრცეები წარმოადგენენ საძირკველს მსოფლიოს მრავალპოლარული მოწყობისთვის, გაცილებით უფრო რთული, თვითმყოფადი და მრავალგანზომილებიანი, ვიდრე ზოგიერთი დასავლელი იდეოლოგის გამარტივებულ წარმოდგენებშია“.
ამასთან, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ევრაზია, რომელსაც პუტინმა უწოდა „თვითკმარი კომპლექსი, რომელიც ნებისმიერი სახის გიგანტურ რესურსებსა და უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს“. პუტინს ამჯერად არ უსაუბრია გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობაზე, მაგრამ ის, როგორც მან ევრაზია აღწერა, პირდაპირაა დაკავშირებული გეოპოლიტიკის ძირითად პოსტულატებთან: ხმელეთისა და ზღვის, ევრაზიისა და ატლანტიკის ბრძოლა. ატლანტისტებს (ანუ აშშ-ის კუნძულოვანი სახელმწიფოები და დიდი ბრიტანეთი) არ შეუძლიათ მსოფლიოს გაკონტროლება, თუ ისინი არ აკონტროლებენ ევრაზიას. ახლა კი ყველაფერი იქით მიდის, რომ ატლანტისტები შეინარჩუნებენ კონტროლს მხოლოდ ევროპაზე, რომელსაც პუტინმა უწოდა „ევრაზიის დასავლეთი დაბოლოება“ და ხაზი გაუსვა, რომ მას შეეძლო გამხდარიყო მისი ბუნებრივი ნაწილი:
„მაგრამ მის ბევრ ლიდერს ხელს უშლის რწმენა, რომ ევროპელები სხვებზე უკეთესები არიან, რომ არ ეკადრებათ სხვებთან ერთად რაღაც წამოწყებებში მონაწილეობა. ასეთი ქედმაღლობის დროს როგორღაც ვერც ამჩნევენ, რომ თავად გახდნენ სხვისი პერიფერია, გადაიქცნენ ვასალებად - ხშირად ხმის უფლების გარეშე“.
მაგრამ პუტინის სიტყვის ადრესატები არ ყოფილან ევროპელები. ის მიმართავდა მთელ არადასავლურ სამყაროს და მოუწოდებდა მას პოსტდასავლური, ჭეშმარიტად დემოკრატიული წყობის შენებისკენ.
„დარწმუნებული ვარ, ნამდვილი დემოკრატია მრავალპოლარულ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ნებისმიერი ერის, ნებისმიერი საზოგადოების, ნებისმიერი ცივილიზაციის შესაძლებლობას - მინდა ამას ხაზი გავუსვა - აირჩიოს საკუთარი გზა, საკუთარი სოციალურ-პოლიტიკური სისტემა“.
ამასთან, ცივილიზაციების დიალოგი ახალი მსოფლიო მოწყობის ასაშენებლად დაეფუძნება მათ სულიერ-ზნეობრივ, ტრადიციულ ფასეულობებს, რომლებიც, ე.წ. ნეოლიბერალური ფასეულობებისგან განსხვავებით, განუმეორებელია და შეუძლებელია მათი ვინმესთვის თავსმოხვევა, აღნიშნა პუტინმა.
„ასეთია ტრადიციული ფასეულობების ჩვენებური გაგება და ამ მიდგომას იზიარებს კაცობრიობის დიდი ნაწილი. ეს კანონზომიერია, სწორედ აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის, აფრიკის, ევრაზიის ტრადიციული საზოგადოებები წარმოადგენენ მსოფლიო ცივილიზაციის საყრდენს“.
დასავლეთს კი პუტინი კვლავაც აფრთხილებს, რომ დიქტატიდან დიალოგზე გადასვლა გარდაუვალია. ეს თავად დასავლეთის ინტერესებსაც ესადაგება. თუ, რასაკვირველია, იქ საკუთარ მომავალზე ფიქრობენ:
„ხალხებისა და ცივილიზაციების თავისებურებების პატივისცემით - ყველა უნდა იყოს დაინტერესებული. სინამდვილეში ეს ე.წ. დასავლეთის ინტერესიცაა. უპირატესობის დაკარგვისას ის სწრაფად გადაიქცევა უმცირესობად მსოფლიო ასპარეზზე. და რასაკვირველია, ამ დასავლური უმცირესობის უფლება, შეინარჩუნოს საკუთარი კულტურული თვითმყოფადობა, მინდა ამას ხაზი გავუსვა, უნდა იყოს დაცული. ამას, უდავოდ, პატივისცემით უნდა მივუდგეთ, მაგრამ ხაზს გავუსვამ, ყველა დანარჩენის უფლებებთან ერთად.
თუ დასავლური ელიტები ფიქრობენ, რომ შეძლებენ თავიანთი ხალხის, თავიანთი საზოგადოების ცნობიერებაში უცნაური, ჩემი აზრით, ახალი მოდის, ათობით გენდერისა და გეიაღლუმების მსგავსი ტენდენციების დანერგვას, ასე იყოს. ის გააკეთონ, რაც უნდათ! მაგრამ რისი უფლებაც ნამდვილად არ აქვთ, ესაა მოსთხოვონ სხვას, იმოძრაონ იმავე მიმართულებით“.
პუტინი მსოფლიოს გლობალიზაციის ატლანტიკური პროექტის ალტერნატივას სთავაზობს.
მთელ მსოფლიოს ესმის, რომ ატლანტიკური პროექტი ჩავარდა და რუსეთი აჩქარებს მის აღსასრულს, უფრო ზუსტად, დასავლეთის მცდელობა ჩვენი ქვეყნის გაუქმებისა აჩქარებს მათი გლობალური პროექტის ნგრევას. მაგრამ რუსეთი არა მხოლოდ მუშაობს ამერიკული სამყაროს მზის ჩასვენებაზე, არამედ მოუწოდებს ყველას, დააჩქარონ მუშაობა ახალ მსოფლიო მოწყობაზე. რომელშიც ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია მთავარი ჰეგემონის როლზე - პუტინმა სპეციალურად აღნიშნა, რომ საუბარი არ არის ერთი დომინანტის მეორით ჩანაცვლებაზე, დასავლეთის აღმოსავლეთით ჩანაცვლებაზე.
არა, ჩვენ ვთავაზობთ პრინციპულად სხვა, სამართლიან მიდგომას იმის მშენებლობისადმი, რასაც პუტინმა უწოდა „ადამიანური ცივილიზაციის სიმფონია“. ეს არის ის, რითაც მთელი დასავლური სამყარო უახლოეს ათწლეულში იქნება დაკავებული, რომელიც მართლაც იქნება არა მხოლოდ ყველაზე სახიფათო, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანიც 1945 წლის შემდგომ პერიოდში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0