ვინ წარადგენს ქვეყანას არქიტექტურის ბიენალეზე - კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 ათას ლარს.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენაზე – ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
გამოფენის კურატორის ლესლი ლოკოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენის მთავარი თემაა „მომავლის ლაბორატორია“.

„კონკურსში შესარჩევად წარმოდგენილი პროექტის იდეა სწორედ ამ თემას უნდა ეხმაურებოდეს, მაგრამ ამავდროულად იგი უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს, როგორც უძველესი ევროპული ცივილიზაციის ქვეყნის კულტურას, რაც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ჩვენი ეროვნული არქიტექტურული აზროვნების პოპულარიზაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

კონკურსის პირობებით, გამოფენაში მონაწილეობის უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს/პირთა ჯგუფს, განურჩევლად მოქალაქეობისა.
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200.000 ლარს.
პროექტი უნდა ეხებოდეს თანამედროვე არქიტექტურის ურბანულ, ეკოლოგიურ და სოციალურ გამოწვევებს და იყოს აქტუალური საერთაშორისო ინტელექტუალური, შემოქმედებითი და არქიტექტურული ტენდენციების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული პავილიონი და გამოფენა ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე 2004 წლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი და მხარდაჭერილი არ ყოფილა. ამ პერიოდში არქიტექტურის ბიენალეზე პროექტებს მხოლოდ პროფესიული ჯგუფები დამოუკიდებლად წარადგენდნენ.
საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს 2022 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე ან ნაბეჭდი სახით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ან ელექტრონული ვერსიის სახით სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge.
გამარჯვებული პროექტი 14 დეკემბერს გამოცხადდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0