საქართველოში შესაძლოა ახალი პოლიტიკური გაერთიანება გაჩნდეს

© photo: Sputnik / გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
ახალ გაერთიანებას ქვეყნის გადასარჩენად ერთიანი სამოქმედო გეგმა აქვს, აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. სამი ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
სამივე პარტია სხვადასხვა დროს იმ პოლიტიკოსების მიერ შეიქმნა, რომლებმაც უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.

„ამ სამ პოლიტიკურ ძალას აქვს ყველაზე მეტი სინერგიული და საერთო სამოქმედო გეგმა. ეს არ ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას, ეს ნიშნავს სამშობლოს გადასარჩენად საერთო სამოქმედო გეგმას. ეს არის სიღრმისეული მუშაობა ქვეყნის შიგნით და გარეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ერთობლივი გეგმის შემუშავების მიზეზად ვაშაძემ დაასახელა მხარეთა ერთობლივი სურვილი – საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
პარტიებმა ერთობლივი განცხადება უკვე გაავრცელეს და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დებატებში გამოიწვიეს.
მმართველ პარტიაში ეს შეთავაზება ნეგატიურად შეაფასეს.
„ისინი როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, საზოგადოება და ხალხი მათ გარშემო ვერ გაერთიანდება, რადგანაც საზოგადოებამ კარგად იცის, რა არის მათი ინტერესი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ბრალს იმაში სდებენ, თითქოს ჩვენ ევროპისკენ არ მივისწრაფვით“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.
„ქართულ ოცნებას“ მათთან სადისკუსიო არაფერი აქვს, აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, ოხანაშვილმა გაერთიანების წარმომადგენლები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ, ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებს მართავენ და საქართველოს შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან.

„ეს არის სამარცხვინო საქციელი და საბოტაჟი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ. როცა არჩევნები შედგება, საზოგადოება მათ მორიგ საკადრის პასუხს გასცემს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
სად უფრო მეტად იგრძნობა პოლარიზაცია საქართველოში: სალომე ზურაბიშვილის შეფასება>>>
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
ყველა ახალი ამბავი
0