„ქართული ოცნება“ ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენით უკმაყოფილოა

© Vladimir Umikashvili"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება
 - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
მმართველმა პარტიამ უარი თქვა თავისი კანდიდატების დასახელებაზე და ამის უფლება ოპოზიციას მისცა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უკმაყოფილოა იმ კითხვებით, რომლებსაც ოპოზიციონერი დეპუტატები სახალხო დამცველის კანდიდატებს უსვამენ და მათ ეჭვი ეპარებათ, რომ ომბუდსმენის არჩევა შესაძლებელი გახდება.
გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი 19 კანდიდატიდან შვიდს მოუსმინეს, დანარჩენი კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება ამ კომიტეტში და სხვა კომიტეტებშიც, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე გავა.

„საკუთარი პოზიციით უმრავლესობის პოზიციასთან დაპირისპირება ნორმალურია, მაგრამ მანერა და ის, რაზეც საუბრობენ, მათი პოლიტიკური პოზიცია და ხშირად უხეში გამონათქვამები გარკვეული პოლიტიკური პლატფორმებიდან მიუთითებს იმაზე, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს დეპოლარიზაციის სურვილი, არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ სურს ერთიანი კანდიდატი“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს სახალხო დამცველის ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა. „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა, პარლამენტში 75 დეპუტატი ჰყავს.
პარლამენტი სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების მოსმენას იწყებს>>>
სამი საპარლამენტო სუბიექტი, რომელიც აერთიანებს 35 დეპუტატს – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ჯგუფები „ლელო“ და „რეფორმების ჯგუფი“, მხარს უჭერენ ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძეს და ნაზი ჯანეზაშვილს.
თინათინ არქვანიას და ლეილა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა ოთხი დეპუტატისგან შემდგარმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელმა სოციალისტებმა“, ხოლო იაგო ხვიჩიას ოთხწევრიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა“.
ორი დეპუტატისგან შემდგარ პოლიტიკურ ჯგუფ „მოქალაქეებს“, რომელმაც პარლამენტს 19-ვე კანდიდატი წარუდგინა, არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.
ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ.
ყველა ახალი ამბავი
0